24 სექტემბერი 2019,   13:07
ვრცლად
"ყოველი მომდევნო ინტერვიუ უფრო დიდ ჭაობში სვამს ამ ადამიანს" - აქციის მონაწილეები გახარიას ინტერვიუს აფასებენ

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ტვ „პირველის“ ეთერში, გიორგი გახარიას ინტერვიუს აფასებენ. შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხებმა აქციის მონაწილეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ გიორგი გახარია პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, შს მინისტრი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს, ძალის გამოყენების შესახებ გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღეს.

შეკრებილების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია შს მინისტრის კიდევ ერთმა განცხადება, სადაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ უკვე 21 ივნისს, გამთენიისას, აქციის მონაწილეები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

„გადადგეს, საშინელ ზიანს აყენებს საკუთარ პარტიას. ამას ქართველი ხალხი არ აიტანს. რუსთაველზე ნადირობას ადამიანებზე ქართველი ხალხი არ აიტანს. არ შეიძლება ესეთი რამ, არ პრავდება. უნდა ადგეს და წავიდეს, თუ უნდა სახის შენარჩუნება. ყოველი მომდევნო ინტერვიუ უფრო დიდ ჭაობში სვამს ამ ადამიანს“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პასუხებით გაოგნებულები არიან.  

„ეს ადამიანი აბსოლუტურად არის რეალობას მოწყვეტილი და დღეს კი ვფიქრობდი, რომ გიორგი გახარია არ უნდა მიეწვიათ არსად, მაგრამ ახლა რაც ხდება პირდაპირ ეთერში, უბრალოდ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, რომ ამ ადამიანის უტიფრობა აღვწეროთ სრულად. შოკი გვაქვს ყველა აქ შეკრებილ ადამიანს, იმის გამო, რასაც ვისმენთ“ - აცხადებს ნოდარ რუხაძე. 

აქციის მონაწილეები, 22 დღეა თბილისის მთავარ გამზირზე, სწორედ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დგანან. პროტესტი რუსთაველზე ამ წუთებშიც გრძელდება და როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ არ შეწყდება, ვიდრე გახარია მინისტრის სავარძელს არ დატოვებს.

დღის ამბები