15 სექტემბერი 2019,   10:17
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ივანიშვილს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს - ოპოზიციის მთავარი გზავნილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს

ივანიშვილს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს ქართული ოპოზიციისგან მოისმინა.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები პირდაპირ ითხოვდნენ დონალდ ტუსკისგან შეეჩერებინა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და კონკრეტული ფინანსური სანქციებით დამუქრებოდა რუს ოლიგარქს, რომელიც საქართველოს მართავს.

ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ურჩია, რომ ივანიშვილთან საუბრის დროს, პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდეს ტერმინი სანქცია. ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას ოპოზიცია ცდილობდა დაერწმუნებინა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ზეწოლა ერთადერთია, რაც „ოცნების“ ლიდერის დიქტატორულ მისწრაფებებს შეაჩერებს.

შეხვედრა დახურული იყო, თუმცა „კურიერმა“ გაარკვია, რომ საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებას და ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენას. ოპოზიციამ პირდაპირ უთხრა ტუსკს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელსაც „ოცნების“ ლიდერი ოპოზიციის გასანეიტრალებლად იყენებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად უთხრა ოპოზიციას, რომ ხელისუფლებას შესასრულებელი აქვს რეკომენდაციები, რომელიც ეუთომ ბოლო არჩევნების დროს დაწერა. ისაუბრეს პროპორციულ არჩევნებზეც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც არ დაუმალავთ, რომ არ მოსწონთ „ოცნების“ ინიციატივა, რომელიც ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარებას ეხება და ამაში საფრთხეებს ხედავენ.

ოპოზიციის შემდეგ დონალდ ტუსკს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა დანიშნული. ამიტომ ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საშუალებით გზავნილები ივანიშვილსაც გადასცა.

დონალდ ტუსკის მრჩევლებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ მზად არიან ბრიუსელში ისაუბრონ თემებზე, რომელსაც, ოპოზიციის ხედვით, ქვეყანა დიქტატურისკენ მიყავს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები