15 სექტემბერი 2019,   09:30
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"პრაქტიკულად, მესიჯები იყო იდენტური, რასაც თავის დროზე ამბობდა ქიბარ ხალვაში და სახელმწიფო" - თამთა მურადაშვილი

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება. სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ არ დაუჭირა მხარი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ. პარტნიორთა სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც "რუსთავი 2"-ის 9% წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა, განცხადებები გაკეთდა.  

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი, თამთა მურადაშვილის განცხადებით, ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის საუბრიდან გამოიკვეთა, რომ ნინო ნიჟარაძე იწუნებს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და მისი მესიჯები ხელისუფლების და ქიბარ ხალვაშის პოზიციას ემთხვევა.

„სრულიად არა არგუმენტირებული და უბრალოდ, გარკვეულწილად, ჭორაობის დონეზე გადმოცემულ ინფორმაციაზე საუბრობდა ის. მან ასევე, პრაქტიკულად, გააკრიტიკა ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა და ის სარედაქციო პოლიტიკა, რაც აქვს არხს, კერძოდ ის, რომ ოპოზიციური არხი ვართ, ამასაც ხაზი გაუსვა. პრაქტიკულად, თქვა, რომ  ჩვენ არ უნდა ვიყოთ ე.წ. ვოჩ დოგი, ანუ მოდარაჯე ძაღლი, ანუ არ უნდა ვასრულოთ ის ფუნქცია, რაც ეკისრება მედიას, ანუ დაუწუნა ნინო ნიჟარაძემ არხს ამგვარი საქმიანობა. პრაქტიკულად, ეს მესიჯები იყო იდენტური, რასაც თავის დროზე ამბობდა ქიბარ ხალვაში და სახელმწიფო და რაზეც ახლა ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში დავა,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილი.

პროცესების უკან ხელისუფლების ინტერესებს ხედავს ადვოკატი, პოლიტიკურ ფონდ ”ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილიც. მისი თქმით, დღეს გამოჩნდა, რომ ნინო ნიჟარაძის და ხელისუფლების სურვილი, არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

„რამდენადაც მე ვიცი, წუხელს აქეთ მოყოლებული, დიდი თათბირები იყო სახელისუფლებო წრეებში და მასთან დაკავშირებულ პირებში. დღეს, რეალურად, მოხდა ლუსტრაცია, კარტი გაიხსნა. გაბუნიას განცხადება და გვარამიას გადაყენება არის საბაბი, რომელიც ლოგიკურადაც ვერ საბუთდება, მაგრამ რეალური მიზანი არის ის, რომ "რუსთავი 2" უნდა იყოს ამ პარტნიორის სურვილით და საბოლოო ჯამში ხელისუფლების სურვილით, მაამებლური არხი, სადაც იქნება ხელისუფლებისთვის სასურველი ინფორმაცია. ეს პირდაპირი ტექსტით ითქვა და ბუნებრივია, ამას ჰქვია ერთი რამ, ცენზურა და ამის უკან დგას ხელისუფლება“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

თავად ნიჟარაძის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ მათი პოზიცია ცენზურის დაწესების მცდელობას არ ემსახურება. გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ნინო ნიჟარაძის მხრიდან, არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შემთხვევა არასდროს ყოფილა.  

„ჩვენ ვთლით, რომ ეს არის არასწორად ნაწარმოები სარედაქციო პოლიტიკის შედეგი, რასაც უნდ ამოჰყვეს დირექტორის გათავისუფლება, კომპანიის ხელმძღვანელობა და დომინანტი პარტნიორები თვლიან, რომ ეს არ არის საკმარისი საფუძველი. ეს შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ იმის საფუძველი რაც მოხდა, ანუ ის, რომ გაბუნია ორი თვით აღარ იქნება ეთერში, თუმცა ეს არ არის ამაზე მეტად მძიმე, რასაც შეიძლება სხვა ტიპის შედეგი მოჰყვეს, ან გაბუნია გათავისუფლება, ან დირექტორის გადაყენება თანამდებობიდან. ამაში გვაქვს აცდენა. ცენზურასთან დაკავშირებით, ყველასთვის გასაგებია და ვიცით, რომ ეს არ შეიძლება. არავინ არ ითხოვს ამას და ჩემი მარწმუნებელი არასოდეს არ ჩარეულა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაიმე განცხადებაც არასდროს არ გაუკეთებია“ - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ნიჟარაძის მხარე დირექტორის გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა. კენჭისყრაზე კი ამ მოთხოვნას თავად 9 %-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ არ დაეთანხმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები