22 ივლისი 2019,   11:34
ვრცლად
განგაში "ქარვასლაში" - სავაჭრო ცენტრში ბომბს ეძებენ

სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში ამ წუთებში გამნაღმველები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მაშველები. განგაშის მიზეზი კი შეტყობინება გახდა, რომლის თანახმადაც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი საშუალებაა დამონტაჟებული.

სავაჭრო ცენტრ ”ქარვასლას” მარკეტინგის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და უთხრა, რომ მას უცნობმა პირმა ურჩია სავაჭრო ქსელი დაეტოვებინა რადგან ადგილზე დამონტაჟებული იყო ნაღმი. ინფორმაციის მიღებისთანავე „ქარვასლას“ უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარის შესახებ 112-ს შეატყობინა.  

„დაახლოებით დღის 12 საათზე ვიღაც კონკრეტულმა პირმა ჩვენს  ერთ-ერთ მომხმარებელს უთხრა რომ ნაღმი იყო ქარვასლაში და ეშველა თავისთვის. ამ ქალბატონმა მიმართა ჩვენი დაცვის სამსახურს, რის შედეგადაც გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური . ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის, თუმცა ჩვენ უსაფრთხოების დაცვის მიზნით დავცალეთ შენობა. ჩვენ ვვარაუდობთ რომ ინფორმაცია არის ცრუ,“-განაცხადა ნატალია გაღინაშვილმა.

შენობა მთლიანად ევაკუირებულია. სავაჭრო ცენტრში მხოლოდ გამნაღმველები და სამართალდამცავები რჩებიან. ამ დროისთვის შენობაში ნაღმი ნაპოვნი არ არის. ვარაუდობენ, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ განგაშს. 

დღის ამბები