24 აგვისტო 2019,   17:07
ვრცლად
ხვალ, როდესაც ჩვენ აქ მოვალთ, უნდა დაგვხვდეს გახარიას სიმბოლური თავი მაგიდაზე - რომან გოცირიძე

ხვალ, როდესაც ჩვენ  აქ მოვალთ, უნდა დაგვხვდეს გახარიას სიმბოლური თავი მაგიდაზე - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში მისვლისას გააკეთა.

პარტიის წევრები დღეს საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსასმენად მივიდნენ, თუმცა ბახტაძე სესიაზე არ გამოცხადდა.

რომან გოცირიძის განცხადებით, პარტიის წევრებს პრემიერთან ბევრი მწვავე შეკითხვა ჰქონდათ, თუმცა ხელისუფლებამ ის გადამალა. 

„პრემიერ-მინისტრი გადამალეს, საქართველოს კანონი თავზე გადაახიეს ქვეყანას. ეს არის უკანონობა. ჩვენ გვქონდა უამრავი შეკითხვა და პრემიერ-მინისტრს პასუხი უნდა გაეცა ყველა იმ უმწვავეს კითხვაზე და მოვლენაზე რაც ქვეყანაში განვითარდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ხვალ ივანიშვილი აპირებს აქ შემოაგზავნოს გახარია. თუ პარლამენტი და 93 უღირსად მორჩილი დეპუტატი იყო ივანიშვილის პირადი ნოტარიუსი, დღეს ივანიშვილს უდნა პარლამენტი გადააქციოს პირად სამრეცხაოდ. უნდა შემოიყვანოს გახარია და ჩამორეცხოს სისხლი, რომელიც მან დაღვარა ამ ქუჩაზე. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, გახარია აქ კი არ უნდა მოვიდეს, გახარია უნდა გადადგეს. ხვალ, როდესაც ჩვენ აქ მოვალთ, უნდა დაგვხვდეს გახარიას სიმბოლური თავი მაგიდაზე, მაგიდაზე განცხადება დაწერილი მისი გადადგომის შესახებ,“- განაცხადა გოცირიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტში არ გამოცხადდა, პირდაპირ მიანიშნებს ივანიშვილის რეჟიმის კრიზისზე. მისი განცხადებით, პარტია დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.

სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან ე.წ. „გავრილოვის სიაზე“ იწყებს მუშაობას.

„რადგანაც დღეს თუნდაც ნომინალურმა  პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა პარლამენტში მოსვლა, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია შესული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენ რა თქმა უნდა დღევანდელ სხდომას არ დავესწრებით. მომავალი კვირიდან ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, როგორც პარლამენტში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ შედგეს ე.წ. „გავრილოვის სია“ იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას“- განაცხადა სამადაშვილმა.

დღის ამბები