19 აგვისტო 2019,   08:14
ვრცლად
"თუკი ხელისუფლება მოსახლეობას პირუტყვივით ან საკუთრებასავით ექცევა, მაშინ მას რეაქცია აქვს" - ამერიკელი დიპლომატები

"თუკი ხელისუფლება მოსახლეობას პირუტყვივით ან საკუთრებასავით ექცევა, მაშინ მას რეაქცია აქვს," - ეს  განცხადება „კურიერთან“ ინტერვიუში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დენიელ ფრიდმა გააკეთა.

ფრიდმა საქართველოში დაწყებული მასობრივი პროტესტი შეაფასა და განაცხადა, რომ ხალხი მართალია, როდესაც სურს ლიდერები ანგარიშვალდებული ჰყავდეს.

“ძალაუფლების დაკარგვა, 2012 წელს, სააკაშვილის მთავრობისთვის ნაწილობრივ, პოლიციის სისასტიკის გამოვლენით იყო გამოწვეული და ქართული საზოგადოება წინ აღუდგა. ახლა, აქ რას ვხედავთ? იმას, რომ ეს საზოგადოება საკმაოდ ძლიერია და არსებობს ზღვარი. ქართველები ურიგდებიან პოლიტიკას. მაგრამ, თუ გამოჩნდება, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ექცევა ისე, თითქოს პირუტყვი ან მისი საკუთრება იყოს, ხალხი შესაბამისად რეაგირებს,”-განაცხადა ფრიდმა.

დენიელ ფრიდმა ასევე ისაუბრა საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე და ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. დიპლომატი აცხადებს, რომ ქვეყნის სამართავად დემოკრატიული მანდატის ფლობაა საჭირო.

„ბატონი ივანიშვილი მდიდარი და გავლენიანი პიროვნებაა. ვფიქრობ, უკეთესია, ქვეყანა მართოს ხალხმა, რომელსაც ქვეყნის მართვის და თანამდებობაზე ყოფნის მისწრაფება აქვს, ვიდრე კულისებში იმუშაოს და მისი გავლენა არაპირდაპირ გამოიყენოს. ადექი და იქონიე დემოკრატიული მანდატი. ეს არ არის მიკერძოებული შეხედულება. ნახეთ, პრეზიდენტმა პოროშენკომ წააგო არჩევნები, რომელიც მშვიდობიანი და დემოკრატიული იყო. მისთვის ეს კარგია. სააკაშვილს უზარმაზარი პლუსები და საკმაოდ დიდი მინუსებიც ჰქონდა, თუმცა წაგების შემდეგ თანამდებობა დატოვა. პოსტზე ყოფნა და დემოკრატიული მანდატით პასუხისმგებლობის აღება კარგია და ლიდერებს, რომლებიც ამას აკეთებენ და ამ შანსსაც იყენებენ, პატივს ვცემ. შენი ფულის და გავლენის გამოყენებით კულისებიდან მართვას მივყავართ გარკვეულ სპეკულირებამდე. საქართველომ დაამტკიცა, რომ დემოკრატიაა და ეს არის მისი არჩევნები,”-აცხადებს ფრიდი.

სხვა საკითხებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიციც. დიპლომატი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ქართულ პოლიტიკაში მესიების დრო უნდა დამთავრდეს.

„სააკაშვილი და შევარდნაძე მთავრობის ფიგურები იყვნენ. ივანიშვილი კი 1 წელი იყო სახელისუფლო ფიგურა და შემდეგ გადადგა. რაც ახლა ძალიან მაშფოთებს, არის იმ პირის გავლენა, რომელიც არ არის არჩეული, პარტიას ხელმძღვანელობს და იღებს ყველა გადაწყვეტილებას. იქიდან გამომდინარე რაც ვნახე არ მგონია, კითხვის ნიშნები არსებობდეს გადამეტებული ძალის გამოყენების მიმართ. ასევე მოვისმინე ცნობები, რომ რამდენიმე დემონსტრანტი აპირებდა პრობლემების შექმნას. მთავრობამ აღიარა, რომ გავრილოვის მოწვევით შეცდომა დაუშვა და იმითაც, რაც მოხდა. თუმცა, ვფიქრობ, მეტის გაკეთებაა საჭირო. უნდა ჩატარდეს ღრმა, მიუკერძოებელი და სამართლიანი გამოძიება ძალის გამოყენებასა და ამ ბრძანების გაცემაზე. ეჭვი არ არსებობს, რომ ძალის გამოყენების ხარისხი იმ დაზიანებების მიხედვით, ძალიან მაღალი იყო,”-აცხადებს კენეტ იალოვიცი.

დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს, რომელსაც სურს ნატოს წევრობა და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობა სურს, უნდა მიხედოს მის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.

დღის ამბები