20 ოქტომბერი 2019,   23:25
ვრცლად
საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი - დავით ბაქრაძე

„დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი,“ - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ის ფაქტი, რომ დრეს პარლამენტში მამუკა ბახტაძე არ გამოცხადდა. 

დავით ბაქრაძის განცხადებით, პრემიერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

„ხელისუფლება კიდევ ვერ აცნობიერებს რა სიღრმის პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანეს მათ ქვეყანა. ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ადამინების მოთხოვნების დაკმაყოფილება, დამნაშავეების დასჯა, პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და შს მინისტრის გადადგომა. ეს შექმნის მხოლოდ იმ პირობებს, რომ დავიწყოთ კრიზისიდან გამოსავლის ძებნა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის შეფასებით, პრემიერის პარლამენტში არმისვლამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხი 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე.

„ბახტაძის არმოსვლა არის ერთადერთი რამის პირდაპირი აღიარება - პრემიერს და ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომლითაც უკვე კვირაზე მეტია, ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, ეს არის დარბევაში დამნაშავეების დასჯა და შს მინისტრის გადადგომა.

„პრემიერ-მინისტრის დამავლა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ არის მზად პასუხი გასცეს ხალხის მთავარ კითხვას. მაგრამ დამალვა ამას ვერ უშველის, ბახტაძესაც, გახარიასაც და მთლიანად ხელისუფლებასაც აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები, როდის დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც დამიზნებით ახალგაზრდა ადამიანებს, გოგოებს თვალებს თხრიდა დათვის ტყვიებით. ეს არის იმ ტიპის დანაშაული, რომელზეც პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ, ამიტომ, დამალვა და პარლამენტში არმოსვლა აქედან ვერ იქნება გამოსავალი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პრემიერი პარლამენტში აუცილებლად უნდა მივიდეს, ოღონდ არა წლიური ანგარიშის წარსადგენად, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად და მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გასაცემად.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ბატონი ბახტაძე გამოცხადდეს პარლამენტში, ოღონდ გამოცხადდეს არა მთავრობის ანგარიშით, არა თავის მოწონებით და ტრაბახით, რას აკეთებს მისი მთავრობა ხალხისთვის, ხალხისთვის რას აკეთებს მთავრობა ამას ისედაც ძალიან კარგად ვხედავთ და ამას თავის თავზე გრძნობს ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა - გრძნობს უმუშევრობასაც, გაძვირებულ ცხოვრებასაც, გაძვირებულ ლარსაც... პარლამენტში მოვიდეს ერთ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად, როგორც პრემიერ-მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს, ათიათასობით ადამიანს, რომელიც პროტესტებში იღებს მონაწილეობას, გასცეს პასუხი კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები და როდის აიღებს პასუხისმგებლობას შს მინისტრი,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

პრემიერი, რომელსაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში უნდა წარედგინა, პარლამენტში არ მივა. გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ხვალ კი საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრს ელოდებიან. გიორგი გახარიამ, რომლის გადადგომასაც პარლამენტის წინ უკვე მერვე დღეა ითხოვენ, საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. უცნობია, პრემიერის მსგავსად შეცვლის თუ არა ისიც გადაწყვეტილებას.

დღის ამბები