17 ნოემბერი 2019,   19:09
ვრცლად
პოლიტიკური პროცესი - ადვოკატი ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს

ნიკა მელიას საქმე - პროკურატურის შუამდგომლობას, მოსამართლე 14:00 საათზე განიხილავს. საქმეს მოსამართლე თემურ გოგოხია უძღვება.

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნით უკვე მიმართა. დიდი ალბათობით, მოსამართლე ბრალდების მხარის არგუმენტებს გაითვალისწინებს და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დღესვე დააპატიმრებენ.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი პროცესზე არასაპატიმრო ან ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას საქმე შეკერილია და ეყრდნობა ხუთი მოწმის ჩვენებას, რომლებმაც თითქოს მოისმინეს ე.წ. გადატრიალებაზე ოპოზიციის ლიდერების საუბარი.

„ბრალდება, რომელიც  ფორსმაჟორულ რეჟიმში შეკერილი საქმეა ეყრდნობა, მთლიანად ხუთი მოწმის ჩვენებას, რომლებმაც თითქოს კულუარულად გაიგონეს, როგორ ჩუმად გეგმავდნენ ლიდერები და მათ შორის ნიკა მელია ე.წ. გადატრიალებას და ძალადობას,“ - ამბობს ადვოკატი.

კონდახიშვილი პოლიტიკურ პროცესად მოიხსენიებს იმ სასამართლო სხდომას, სადაც ნიკა მელიასთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

„ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს არის გამოძახილი იმ მოვლენებისა, რაც დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დღეებში. ეს არის გამოძახილი იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არასდროს დათმობს თავისუფლებას.

„მე მინდა მივმართო იმ მოსამართლეს, რომელსაც დაეწერება ეს საქმე და რომელმაც უნდა განიხილოს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოსამართლე ჩვეულებრივი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ისიც ისევე გრძნობს რა ხდება ქვეყანაში და რას ნიშნავს ეს ყოველივე, აქ არ არის საუბარი ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ავტომატურად ნიშნავს მწვანე შუქის ანთებას თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დაპატიმრებისა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ სასამართლო დადგეს ამაზე მაღლა, უნიკალური შანსი არსებობს ამის - უარი თქვას დაპატიმრებაზე, რითაც, ფაქტობრივად, ეს პროცესები დაბრუნდება სამართლებრივ ჩარჩოში და გაგრძელდება კანონიერების ფარგლებში სამართლებრივი პროცესი,“ - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

91 დეპუტატის პირისპირ დარჩენილ ნიკა მელიას ოცნებამ გუშინ სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

დღის ამბები