21 ივლისი 2019,   23:09
ვრცლად
არ დავთმობთ თავისუფლებას - მასშტაბური პროტესტი გრძელდება

მასშტაბური პროტესტი გრძელდება - სისხლიანი დარბევის მიუხედავად, თითქმის, ერთი კვირაა, ქართველი ხალხი რუსულ ოკუპაციას ქუჩაში აპროტესტებს. მუხტი, რომელმაც ერი გააერთიანა, არ ცხრება. პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები და ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ.

განსხვავებული შეხედულებების, სქესის, ასაკის, პროფესიის თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები საერთო მიზანმა გააერთიანა. აქციის თითოეულ მონაწილეს უნდა, რომ ყველა მოთხოვნა შესრულდეს და არა ნაწილობრივ.  

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ გახარია გადადგეს პირველ რიგში მე მაგის ადგილას თავს უხერხულად ვიგრძნობდი, რომ აი ამდენი ადამიანი გამოდის უფრო და უფრო ემატება ხალხი. 18 წლის პატარა გოგონამ თვალი დაკარგა და ის კიდევ დგას და რავიცი, ვირზე ზის?! ვის ეჯიუტება თავის ქვეყანას თავის ხალხს, რავიცი მე შემრცხვებოდა მის ადგილას ყოფნას. ბიძინას ადგილასაც ავდგებოდი და წავიდოდი. ყველამ ნახეთ, როგორი ოცნება იყო.  მართლა ოცნება იყო, ვფიქრობ, რომ გაგვეხუმრა ცუდად, როცა პარტიას ოცნება დაარქვა, მართლა ოცნებად დარჩა ყველაფერი,“ - განაცხადა ფოტოგრაფმა,მარი ნაკანმა-მამასახლისმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ ქვეყნის დამოუკიდებლობას და არ დაუშვებენ 20 ივნისს დაშავებული ადამიანების შეურაცხყოფას.

„თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად, თავი ვიგრძენი გაბრაზებულად და დავინახე რეალური საფრთხე, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გავიღვიძო და ჩემს შვილს ვუთხრა, რომ ის არის რუსეთის იმპერიის ნაწილი და ლამაზი მითი იმის შესახებ რომ ჩვენ ყველანი ერთად ლამაზ ქვეყანას ვაშენებდით დამსხვრეულია. საბჭოთა კავშირის სული ტრიალებს საქართველოში,“ - განაცხადა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მედეა მეტრეველმა.

აქციის მონაწილეები ბრძოლას მშვიდობიანად აგრძელებენ.

„თუ ვინმეს უნდა, რომ თავისუფლება წაგვართვას, ძალიან გვიანია, რომ იმიტომ, დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ და არ დავთმობთ ამ თავისუფლებას,“ - განაცხადა „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულმა, მომღერალმა, სოფო ბათილაშვილმა.

დღის ამბები