14 ნოემბერი 2019,   20:42
ვრცლად
„ჩვენ არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას... წყნარ რეჟიმში, ვლოცულობთ" - ლევან ვასაძე 

„მე მინდა მოვუწონო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბატონ მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გადაწვეტილება,“ - ეს განცხადება ლევან ვასაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ პრაიდის ფარგლებში მსვლელობა არ უნდა ჩატარდეს, რადგან ეს უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

„დღეს, შსს-მ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას  და აუკრძალა ორგანიზატორებს  მისი ჩატარება. მე მინდა მოვუწონო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბატონო მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გადაწვეტილება. მე მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის ვუთხრა, რომ თუმცა იმის გამო რომ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ. 

ვასაძე, რომელმაც სახალხო რაზმი შექმნა, ამბობს, რომ ისინი ენდობიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, თბილისის ქუჩებში დაანონსებული პატრულირება გაუქმდება. ქუჩებში პატრულირება ხვალიდან იგეგმებოდა.

თუმცა, ვასაძე ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან და ქუჩებში გავლენ,  ყველაფერს გააკეთებენ, რათა „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდეს.

„ჩვენ არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია  და თუ ვინმე მოგვატყუებს, დაპირება შევასრულებთ. იქ გავჩნდებით, სადაც ადამიანები სამინისტროს რეკომენდაციას არ დაემორჩილებიან და მივაბრძანებთ იქიდან. ჩვენ წყნარ რეჟიმში, ვლოცულობთ ვეცდებით, რომ ამ კვირამ ჩაიაროს მშვიდობიანად," - ამბობს ვასაძე. 

ლევან ვასაძე ამბობს, რომ არ აშინებთ ის კრიტიკა, რომელიც ბოლო დღეებია მათ მიმართ ჟღერდება. 

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა რაღაცნაირად ფიანდაზად დავეფინოთ ამ სიტუაციას გავწიროთ ჩვენი თავი. ძალიან კარგად გვესმოდა, რომ ამის სანაცვლოდ დაგვარქმევენ ექსტრემისტებს, ფაშისტებს, მოძალადეებს, დაგვცინებენ, ოჯახის წევრებს შეურაცხყოფენ. ის სიმწარე, ის დაცინვა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გადავიტანეთ, მარტო ჩვენ ვიცით, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს. მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვაკრიტიკებდა, შეურაცხყოფას გვაყენებს, ჩვენ ეს არ გვწყინს, ჩვენ არ ვართ თქვენ მიმართ სიძულვილით განწყობილი, მადლობას მოგახსენებთ თქვენი კრიტიკისთვის,“ - ამბობს ვასაძე.

ვასაძის თქმით, თუ პრაიდი გაიმართება, მაშინ, მისი თანამებრძოლები მის გეგმებს მიჰყვებიან.

„მზაობა არის სრული, თუ ე.წ. პრაიდის მონაწილეები განიზრახავენ ამ სისულელეს, მიუხედავად იმისა, რომ შსს აფრთხილებს, რომ ეს არ ქნან, ჩვენ არ ვქეიფობთ, ჩვენ ვლოცულობთ, ვართ სიმშვიდეში, არაფერი არ გვინდა, გარდა ჩვენს ქვეყანაში მაგარი შრომისა,“ - განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძე აცხადებს, რომ გამოკითხვაზე ჯერჯერობით დაბარებული არ არის, თუმცა დაბარების შემთხვევაში, ის საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლებს.  

 

დღის ამბები