27 ივნისი 2019,   12:21
ვრცლად
ივანიშვილს დღეს არ აქვს ფუფუნება, რომ ქვეყანაში არსებობდეს რაიმე ინსტიტუტი, რომელსაც ის არ აკონტროლებს - სალომე სამადაშვილი

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს, სადაც ოპოზიცია ულტიმატუმით მივა. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარულ სისტემას არ გააუქმებს, ოპოზიცია რეფორმაზე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს. დღევანდელ შეხვედრაზე მიწვეულები არ არიან ე.წ. განდგომილი დეპუტატები, რის გამოც ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებენ.

"ბიძინა ივანიშვილს დღეს არ აქვს ფუფუნება რომ ქვეყანაში არსებობდეს რაიმე ინსტიტუტი რომელსაც ის არ აკონტროლებს, ეს მას სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მოახლოებულ არჩევნებთან ერთად. კობახიძე და ბიძინა ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა საბოლოოდ მიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა პოლიტიკურ დაკვეთასაც მიიღებენ,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე კი განმარტავს,რომ ხელისუფლებას არ გამოუვა მთავარი საკითხის გვერდზე გადადება და ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხს აუცილებლად დააყენებენ. 

"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა - ჩვენ მზად ვართ, რომ ამ თემაზე ვიყოთ დიალოგში ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს არის ის მთავარი საკითხი, რომელიც უნდა იყოს დიალოგი ამიტომ თუ ვინმეს ჰგონია რომ სხვა, შედარებით უმნიშვნელო თემებზე დიალოგი გამოვა და ამ საკითხს გვერდზე გაწევენ, ესე არ გამოვა,"-აცხადებს სერგი კაპანაძე. 

"ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია, ყოფილ თანაგუნდელებს, კერძოდ კი პარლამენტის თავმჯდომარეს მკაცრად აკრიტიკებს. იგი აცხადებს, რომ კობახიძეს უკვე ჩვევაში აქვს პირადი წყენის გამო ადამიანების მისი აზრით დასჯა. 

"ამ ფორმატში არავის არ უთქვამს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატიც უნდა ჩაერთოს - ირაკლი კობახიძეს აქვს რაღაცა ესეთი საბავშვო, საყმაწვილო პოზიცია არჩეული, რომ ვისზეც გაბრაზებულია პირადად ან ვინც მას აკრიტიკებს პერსონალურად, ის ამ ფორმით ჰგონია რომ უნდა დასაჯოს. კონკრეტული ნუსხა მაქვს დარღვევების რეგლამენტის წესების, რაც სწორედ მისი თავმჯდომარეობის დროს ხდება,"-აცხადებს ბესელია და კითხვაზე შესაძლებელია თუ არა კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, პასუხობს რომ ის ამას არ გამორიცხავს. 

უმრავლესობაში კი მკაფიოდ განმარტავენ, რომ არ აპირებენ რაიმე სხვა საკითხებზე საუბარს და შეხვედრაზე ეუთოს რეკომენდაციების გარშემო იმსჯელებენ.

"ეს სამუშაო პროცესი იქნება აწყობილი ეუთოს რეკომენდაციების გარშემო და ის არ ითვალისწინებს სხვა გადაწყვეტილებების შეცვლას, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები