27 ივნისი 2019,   12:14
ვრცლად
"ლურჯი ვეშაპის" კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული - 14 წლის გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა

"ლურჯი ვეშაპის" კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული. 14 წლის გოგონა ბავშვთა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში უკვე მე–5 დღეა მკურნალობს. მას გვიან ღამით თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი უკვე 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას საკუთარი თავისთვის. შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მშობლებს ეჭვს უჩენდა, რომ მას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა.

14 წლის გოგონას ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ირკვევა, რომ პოლიციამ დაზარალებულის მობილური ტელეფონი ამოიღო, თუმცა მასში ყველა ზარი და შეტყობინება უკვე წაშლილი იყო.

"ვიღაცას ემესიჯებოდა, შევიდა სახლში, ტელეფონი შეაერთა დასატენად, დაწვა და წამოუვიდა პირიდან დუჟი. მე არ ვიცი ვინ მოწამლა, რას ერჩოდნენ ცემს შვილს, მაგრამ ფაქტია რომ ბავშვი არის მოწამლული. პოლიცია არაფერს არ აკეთებს, სანამ არ ჩავრიეთ ხალხი, პოლიციის თანამშრომლებმა, გამომძიებელმა ექსპერტიზას არ გადასცა ტელეფონი რომ ამოეღოთ ზარები,"-აცხადებს გოგონას მამა, გიორგი ჭახელიძე.

14 წლის მოზარდის დედა კი იხსენებს, რომ ბავშვი ბოლო დროს დეპრესიული იყო.

"ფიზიკურად აღენიშნება ნიშანი რომელიც ექიმებმაც კითხეს რომ რა არის და არ ვიცი იმიტომ რომ წინა საღამოს არ ჰქონია - ნაჩხვლეტებია და მრგვლად აქვს თეთრი ლაქები. ბავშვი იყო ბოლო დროს დეპრესიაში, მეუბნებოდა დედიკო შენ რამე ხომ არ მოგივა და დაგემართება. ბოლო 3 დღე ფანჯრებს კეტავდა მეშინიაო,"-აცხადებს ინგა ბურდული.

ბავშვის დეიდა, ინეზა ბურდული კი ამბობს, რომ მოზარდმა ტელეფონიდან ყველა ზარი და მიმოწერა წაშალა. ის სამართალდამცავებს არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ პოლიციამ ამდენი დღის განმავლობაში ვერ შეძლო ვერცერთი ინფორმაციის აღდგენა. 

"ეს ბავშვი ალბათ ასრულებდა დავალებებს როკ ნელ-ნელა შეჩვეოდა იმ ტკივილს, რომ სუიციდი არ გასჭირვებოდა,"- აღნიშნა ინეზა ბურდულმა.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ შეტყობინება მათ 9 ივნისს მიიღეს და ამ დრომდე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.

დღის ამბები