17 ივნისი 2019,   09:50
ვრცლად
პატიმარმა ლითონის ნივთები გადაყლაპა - მეგობრის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილი ბრალს არ აღიარებს

უკიდურესი პროტესტი - გლდანის ციხის სამარტოო საკანში პატიმარმა ლითონის ნივთები გადაყლაპა და ოპერაციაზეც უარს აცხადებს. ბავშვობის მეგობრის დაჭრის ბრალდებით გასამართლებულ თეიმურაზ მირზოევს 10 წელია აქვს მისჯილი, თუმცა ის ბრალს არ ეთანხმება და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

გამოძიება მირზოევს, რომელიც როგორც ირკვევა, ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილია, მერაბ გელაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაჭრილის ცოლი უნდა დაკითხულიყო, რომელიც ინციდენტს ესწრებოდა, თუმცა მოწმე უკვე მესამე პროცესია, დარბაზში არ ცხადდება. საქმე ახლა სააპელაციო სასამართლოშია.

საქმის მასალების მიხედვით, სააკაძის მოედანზე ჩხუბი გასულ წელს მოხდა. ბრალდების საქმეში წერია, რომ ჭრილობა მერაბ გელაშვილს თემურ მირზოევმა მიაყენა, თუმცა სასამართლო პროცესზე არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ დანა გელაშვილს ნამდვილად მირზოევმა დაარტყა. დაზარალებულიც და მისი ცოლიც ამბობენ, რომ მათზე გამოძიება ძალადობდა, რათა ხელი ე.წ. კანონიერი ქურდის, ჭიპია მირზოევის შვილიშვილისთვის დაედოთ.

თემურ მირზოევის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა პოლიციამ მიზანმიმართულად დააკავა, რადგან ის ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილია. მსჯავრდებულის ბებია ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს შვილიშვილის დასაცავად, მათ შორის არ მოერიდება პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც. მირზოევის ოჯახი პროკურატურას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები