19 სექტემბერი 2019,   14:17
ვრცლად
ის მიუთითებს ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც გაიყუჩა, ციტრამონის მეშვეობით - კუპრავას წიხლის ამორტყმის საქმეზე ადვოკატი

საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას საქმის განხილვა გაიმართა, სადაც  ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა. სწორედ ზაქარეიშვილისთვის, წიხლის ამორტყმის გამო, წაუყენეს ბრალი 19 თებერვალს ზვიად კუპრავას.

ზაქარეიშვილის განმარტებით, ზვიად კუპრავა მასზე ნაწყენი იყო, ვინაიდან მის ქმედებებს აკრიტიკებდა და Facebook-ზე მოსაზრებებს გამოხატავდა იმ დროს, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან ერთად საპროტესო აქციებს მართავდა.

პროკურორის თქმით, დაკითხვის დროს ზაქარეიშვილმა დაადასტურა, რომ ზვიად კუპრავამ მას ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა, რის შედეგადაც ტკივილი განიცადა.

ზაქარეიშვილის დაკითხვის დეტალებზე ზვიად კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაიამაც ისაუბრა.

„დაზარალებული მიუთითებს ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც მან გაიყუჩა, დაახლოებით, 8 საათის მერე ციტრამონის მეშვეობით. გარდა ამისა, ვრცლად ისაუბრა იმ მორალურ ზიანზე, რომელიც კუპრავას მხრიდან იყო მიღებული. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ ყველაფერში ახსნა, იქიდან გამომდინარე, რომ ზაქარეიშვილი პირდაპირ უპირისპირდებოდა ზვიად კუპრავას, როგორც მისი პოლიტიკური საქმიანობიდან, ასევე ზოგადად საზოგადო აქტივობიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები