21 აგვისტო 2019,   22:48
ვრცლად
გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები - სოფელი კრწანისის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სოფელი კრწანისის მოსახლეობამ დასახლებაში გზა გადაკეტა. მათი პროტესტი გზის ერთ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას მოჰყვა. ადგილობრივების განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები ერთ თვეში უნდა დაესრულებინა, თუმცა 4 თვე გავიდა და სამუშაოები ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.  გადაკეტილი გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც ადგილზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გუბერნატორის წარმომადგენელი მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მივიდნენ. ისინი მოსახლეობას ერთ კვირაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას დაპირდნენ.

პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგილობრივები ცენტრალური გზის გადაკეტვას აანონსებენ. მოსახლეობამ მერს სოფელ კრწანისში არსებულ სხვა პრობლემებზეც შესჩივლა.

„მოვა ვიღაც ტიპი, მოიყვანს ტრაქტორს, გადაჩიჩქნის და წავა. და რა გაკეთდა? შედეგი რა არის? სადაც დანგრეულია იქ გაგეკეთებინათ, აქ რა გინდოდათ? აქ რატომ დაჭირდა 4 თვე, იმიტომ რომ ფული შეჭამეს? დათვალეთ და არ გეყოთ?“,- განაცხადა სოფლის მკვიდრმა ჯემალ ზოიძემ.

ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილის განმარტებით, გზის დამთავრების ვალდებულება „ჯეოსერვისმა“ აიღო. გადაცილებული ვადების გამო კი კომპანია ჯარიმას გადაიხდის.

„თუ ეს კომპანია დათქმულ ვადაში, რაზეც აიღებს პასუხისმგებლობას, ვერ დაამთავრებს,  ეს კონტრაქტი იქნება შეწყვეტილი ეს  და გამოცხადდება ახალი ტენდერი. მაგრამ ეს მეორე პრობლემაა, რადგან სანამ ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ, კიდე დრო გავა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევუთანხმდეთ ამ კომპანიას ვადებზე“, - განაცხადა ზვიად ჭუნაშვილმა.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების დასრულებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

კრწანისის მოსახლეობისთვის პრობლემაა კანალიზაცია და სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკიც. მათი თქმით, წყალი სოფელს დილა-საღამოს 2-2 საათით მიეწოდება. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დახმარებას თხოვენ.

დღის ამბები