17 ივნისი 2019,   08:38
ვრცლად
"პარლამენტი არ ირეკლავს ხალხის აზრს," - სანდრა რულოვსმა, მაჩალიკაშვილების მოთხოვნას კომისიის შექმნაზე, ხელი მოაწერა

სანდრა რულოვსმა მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ მხარდაჭერა ხელმოწერით გამოხატა. იგი პარლამენტთან მივიდა და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. სანდრა რულოვსი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა უკვე ორჯერ განაცხადა უარი ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების ერთიანობა იქნება, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება ამ დათმობაზე წავიდეს და ყველა კითხვას  პასუხი გასცეს, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს.

„რახან ამ პარლამენტში არ შეგროვდა ეს მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ ეს პარლამენტი არ ირეკლავს ხალხის აზრს. ჩვენ ამიტომ მივდივართ ხალხთან და ხალხის ასი ათასობით ხელმოწერით დავადასტურებთ, რომ ხალხს უნდა ასეთი ობიექტური კომისიის შექმნა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც.

„ეს არის გმირობა, რასაც თემირლანის მშობლები აკეთებენ, მართლაც ამ უსამართლო გარემოში, რომელიც ქვეყანაში არის. ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ამ ოჯახს ექნება, მე ყოველთვის დავუდგები მხარში. ერთი რამის მჯერა, რომ ხელისუფლებებიც დროებითია და აუცილებლად სამართლიანობა იზეიმებს და ის გამძლეობა, რასაც იჩენს მალხაზი თავის მეუღლესთან ერთად, ეს ყველაფერი აუცილებლად შედეგს გამოიღებს,"  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები