17 ივნისი 2019,   08:59
ვრცლად
ეს სახადი არის გადასატანი, სამშობლო საფრთხეშია - ვალერი გელბახიანი

ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური მოძრაობის წევრი, ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ყველა ზღვარი გადალახა. მან გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. მისი თქმით, არც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და არც პარლამენტის თავმჯდომარემ არ იციან, რა არის სახელმწიფო. 

„ეს ზღვარი საპრეზიდენტო არჩევნებმა დამანახა შემდეგ გათამამებულმა ე.წ. ლიდერების განცხადებებმა, უტიფარმა განცხადებებმა ქართველი ხალხის მიმართ. დავინახე კიდევ ერთი რამ, არც პირველმა პირმა ივანიშვილმა, არც პარლამენტის თავმჯდომარემ არ იციან, რა არის სახელმწიფო,“ - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

მისი თქმით, სახელმწიფოს მართვის უცოდინარობა ქვეყანას საფრთხეში აგდებს და კიდევ უფრო დიდია საფრთხე, როცა კრიმინალური ცნობიერება იმარჯვებს და ხალხში სამართლიანობის განცდა აღარ არის.

„როდესაც ვხედავთ, რომ მარტო მათი აზროვნება კი არ არის კრიმინალური, „აპრავებენ“ იმ უკანონობას, რაზეც სხედან, იწვევენ კრიმინალებს პარტნიორებად საარჩევნო პროცესში. ასეთ შემთხვევაში ნდობა უკვე დაკარგულია და ეს დანაშაულებრივი სქემაა, რასაც გალაშქრება სჭირდება. ეს სახადი არის გადასატანი. სამშობლო საფრთხეშია,“ - განაცხადა გელბახიანმა „არჩევანში“ საუბრისას.

გელბახიანის თქმით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა, თუმცა მიიჩნევს, რომ ახლა საშუალებაა, მომავალ თაობას გადასცენ სახელმწიფო. მისი განცხადებით, აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანაკში იყო აქამდე. 

დღის ამბები