18 ივნისი 2019,   18:56
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დავით გარეჯში - უდაბნოს კომპლექსს მრევლმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სასულიერო პირებისა და მოქალაქეების ნაწილმა დღეს დავით გარეჯის ტერიტორიაზე აღნიშნეს. ჩიჩხიტურის კომპლექსის მოლოცვის შემდეგ, პროცესია უკვე უდაბნოს მონასტრისკენ დაიძრა, სადაც აღდგომის ტაძარში სამღვდელოებამ პარაკლისი აღავლინა.

უდაბნოს კომპლექსს მრევლმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო და კიდევ ერთხელ, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. დღეს იქ ჩასული ადამიანები ერთუსლოვანნი იყვნენ, მათი თქმით, გარეჯი საქართველოა და ქვეყნის დამოუკიდებლობა ხელისუფლებას სწორედ გარეჯში უნდა აღენიშნა. 

„დავით გარეჯის დაკარგვა გამორიცხულია, ამას აქვს ძალიან დიდი ისტორია და თვითონ ადამიანები, საქართველოში ვერ იქნებიან სრულფასოვნები, თუ ისინი ესე მარტივად დათმობენ ტერიტორიებს. ყველაზე ცუდი რაც ხდება, ეს არის სახელმწიფოს მიერ, შეიძლება ითქვას უნიათობა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ქეიფობენ, მესტიაში იმხელა ღონისძიებებია გამართული და კუბდარი ფართი და მწვადი ფართი და არის ერთი ამბავი, როდესაც მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველანი უნდა ვყოფილიყავით აქ,“ - ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მოძრაობა „ძალა ერთობაშია,“ ხვალ დილიდან, დავით გარეჯში მონიტორინგს განაახლებს.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია,“ კვლავ დილიდან გააგრძელებს აქ მშვიდობიან თავის სამონიტორინგო მისიას. ჩვენ აქედანვე შევატყობინებთ საზოგადოებას, თუ კვლავ დაიკეტება და ბუნებრივია მოვითხოვთ უკვე ახსნა-განმარტებებს ჩვენი ხელისუფლებისგან, რატომ იკეტება, რა წინაპირობები არის ამისი. ის კითხვა, ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი რჩება გზასთან დაკავშირებით. ჩვენ, ჯერჯერობით, არ ვიცით რატომ მოხდა ამ გზის გაყვანა და პასუხი ბუნებრივია, გვჭირდება. ყველაფერთან ერთად, 28 მაისი, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანული მხრიდან პროვოკაციას,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ბოლო 5 დღის განმავლობაში, დავით გარეჯში აზერბაიჯანელები გზის გასაყვან სამუშაოებს აწარმოებდნენ. ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ მობილიზებული იყო ტექნიკა, რომელიც შეუჩერებლად მუშაობდა.

საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გარეშე, აზერბაიჯანული მხარე გზის სამშენებლო სამუშაოებს არ განახორციელებდა.

 

 

 

 

დღის ამბები