15 სექტემბერი 2019,   14:14
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ლექტორი ინტიმურ შეტყობინებებს არაერთ სტუდენტს უგზავნიდა - ახალგაზრდებმა ეთიკის საბჭოს მტკიცებულებები გადასცეს

სექსუალური შევიწროების საქმე - ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორის, ომარ მახარაძის პირადი მიმოწერა სტუდენტებმა ეთიკის საბჭოს გადასცეს. ლექტორის წინააღმდეგ არსებული ფოტოასლებით, რომელიც  უამრავია, დგინდება, რომ ომარ მახარაძე სტუდენტებს ინტიმური შინაარსის ფოტოებს უგზავნიდა და სანაცვლოდ იგივეს სთხოვდა.

ეთიკის საბჭოში ამბობენ, რომ ფოტოასლების გაცნობის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ვერსია, თითქოს, მახარაძის მობილურ მოწყობილობაში უცხო პირებმა შეაღწიეს და მისი სახელით სტუდენტებს წერდნენ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისციპლინური კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა ორ საათი გაგრძელდა. აღმოჩნდა, რომ ომარ მახარაძე არაერთ, არამედ რამდენიმე სტუდენტ გოგონას წერდა და მათზე სექსუალურ შევიწროებას ახორციელებდა.

სტუდენტების მიერ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენილი მტკიცებულებების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამძიმა მუხლი, რომლთაც გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება ლექტორს სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას ედავება.

მძიმე დანაშაულში ბრალდებული, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატიც არის ფრაქცია „ქართული ოცნებიდან,“ საქართველოდან უკრაინაში რამდენიმე დღის წინ წავიდა.

ომარ მახარაძისთვის უფლებამოსილების საკითხზე ბათუმის საკრებულოს სხდომაზეც იმსჯელეს. ოპოზიციის მოთხოვნის მუხედავად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას უფლებამოსილება არ შეუჩერეს. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ახლა ისევ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

 

 

დღის ამბები