24 სექტემბერი 2019,   12:33
ვრცლად
ყველას, მათ შორის, სტუდენტს, პროფესურას, გამოვკითხავთ - ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე

ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორის მიერ სექსუალური შევიწროების საქმეზე პირველი დისციპლინური სხდომა გაიმართა. 7-კაციანმა კომისიამ სტუდენტს მოუსმინა, რომელიც ლექტორს ადანაშაულებს.

„ჩვენ ვაანალიზებთ ინფორმაციას და ყველას, მათ შორის, სტუდენტს, პროფესურას, გამოვკითხავთ. გამოიკითხება რამდენიმე სტუდენტი... ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, რა ინფორმაცია აქვთ მათ და კომისიას ოფიციალურად მოაწოდონ,“ - განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ ბერიძემ.

კომისია გოგონას ინიციატივით დაიხურა, რასაც მესამე სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, უნდა დადგინდეს თუ რატომ შეიცვალა სტუდენტმა პოზიცია საჯაროობასთან დაკავშირებით.

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 19 წლის გოგოს მტკიცებით, მან ინტიმური ფოტოების გადაღება ორი კვირის წინ მოსთხოვა.

მეორე კურსელმა ლექტორის გარყვნილი ქმედების შესახებ სამართალდამცველებს და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატს აცნობა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს სტუდენტებთან ურთიერთობა დროებით აუკრძალეს.

უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი სტუდენტის ბრალდებას უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები