26 მაისი 2019,   07:41
ვრცლად
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო დილიდან გაჩერებულია - დასაქმებულებს ქარხნის დირექტორის მოადგილე შეხვდა

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო დილიდან გაჩერებულია. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს და ქუჩაში გავიდნენ. ქარხნის მუშებს, ცოტა ხნის წინ, დირექტორის მოადგილე შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ მუშებმა განაცხადეს, რომ ხელმძღვანელობისგან კონკრეტული პასუხი მოთხოვნებზე ვერ მიიღეს.

კითხვაზე - გაეზრდებათ თუ არა ხელფასი მუშების ერთი ნაწილი პასუხს ხვალ, მეორე ნაწილი კი ორშაბათისთვის ელის. მანამდე კი მეტალურგიული ქარხნის მუშები პროტესტის შეწყვეტას და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.გაფიცულები არაადამიანურ სამუშაო პირობებზე საუბრობენ და დაბალი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

„ახლახანს მობრძანდა ბატონი დირექტორი, რომელმაც განგვიცხადა, რომ მე ალტერნატიულ გზას ვნახავო და სხვებს დავასაქმებო. კარგად იყავითო, ქუდი დაიხურეთ და წაბრძანდით სახლშიო. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით 19-ე საუკუნის კაპიტალიზმში, კაპიტალიზმიც არ არის, ფეოდალიზმია. როგორც უნდათ ისე წყვეტენ, როგორც უნდათ ისე აკეთებენ და ჩვენ ხალხს აღარაფერს არ გვეკითხებიან“-  განაცხადა ერთ-ერთმა დასაქმებულმა, გიორგი ტყენაძემ

შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა მეტალურგიულ ქარხანის დირექტორის მოადგილემ, რომელმაც განაცხადა, რომ გაფიცულების მოთხოვნებს ხვალამდე შეისწავლის. 

„პირველად დღეს თქვეს დილით, მათ  თავისი მოთხოვნები, ხელფასის გარდა კიდევ სხვა მოთხოვნები იყო. დავპირდი, რომ მოთხოვნებს შევისწავლი და ხვალ პასუხს ვეტყვით, ამ მოთხოვნებიდან რა შეიძლება შევასრულოთ, რა არა. არა არაფერზე არ გვითქვია“ - განაცხადა არჩილ მელიქიძემ.

დირექტორის მოადგილის თქმით, პირებს, ვისაც მუშაობის გაგრძელება აღარ სურთ, შეუძლიათ სამსახურიდან წავიდნენ.

„ეს თავისუფალი ქვეყანაა, ვისაც უნდა, შეუძლია წავიდეს, ვისაც უნდა შეუძლია დარჩეს და იმუშაოს, შეზღუდვებს ვერ ვხედავ“ - აღნიშნა არჩილ მელიქიძემ.

დღის ამბები