26 მაისი 2019,   06:55
ვრცლად
ევროკომისია ახალი ხელმძღვანელის ასარჩევად ემზადება - პრეზიდენტობის ექვსმა კანდიდატმა დებატებში მიიღო მონაწილეობა

ევროკომისია ახალი ხელმძღვანელის ასარჩევად ემზადება - ჟან კლოდ იუნკერის სავარაუდო შემცვლელების დებატები ევროპარლამეტში გაიმართა. მომავალი პრეზიდენტი კომისიას ამ წლის ნოემბრიდან ხუთი წელი უხელმძღვანელებს.

ვინ გახდება პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც. ევროკომისიის პრეზიდენტობის მსურველი სულ 6 კანდიდატია. მათ რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრეს.

პირველი თემა მიგრაცია და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდა იყო, ამის შემდეგ კანდიდატებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს თუ როგორ უნდა გაჩნდეს ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ადგილები. ყველაზე დიდი დისკუსია კი ეკოლოგიის თემატიკამ გამოიწვია.

მოხსენებების შემდეგ, კანდიდატებმა ერთმანეთს კითხვების დაუსვეს. ყველაზე მეტი კითხვა მანფრედ ვებერის მისამართით იყო, ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ევროპის სახალხო პარტიიდან ვებერი ფავორიტია.

„ევროკავშირი ყოველთვის მზად უნდა იყოს საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანოს ნამდვილად ევროპული ქვეყნები და ევროპული ერები. მზაობა ამისთვის სამომავლოდ ძლიერი უნდა იყოს.  მაგრამ ამავდროულად ცხადია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია არსებულ კრიტერიუმებზე, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომავალი გაფართოების პროცესისთვის. ერთ-ერთი ასპექტი რაზეც მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი შეხედულება არის ასევე ის, რომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ დღევანდელი ევროკავშირის საბოლოო საზღვრები და შემადგენლობა, “-აცხადებს ვებერი.

ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ”ალდედან”  მარგარეტ ვესტაგერი ამბობს, რომ ევროკავშირის მომდევნო გაფართოება განსხვავებული იქნება, რადგან შეიცვალა როგორც ევროკავშირი, ასევე მასში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები. თუმცა მისი აზრით, საბოლოოდ ევროკავშირი ბევრად უფრო გაფართოებული იქნება.

ევროკავშირის გაფართოებისა და დასავლეთის ქვეყნების დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ”მწვანეებიდან” სკა კელერიმ.

მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

„ევროკავშირის გაფართოება დიდი წარმატება იყო წარსულში. ამ პროცესმა ნამდვილად დააახლოვა ევროპის ქვეყნები ერთმანეთთან. სარგებლობა მოუტანა არაერთ ქვეყანას, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ქვეყნებთან, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვთ. გარდა ამისა, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ გაწევრიანების შემდეგ ამ ქვეყნებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეული პროგრესი შენარჩუნებული იყოს,“-განაცხადა სკა კელერიმ.

დღის ამბები