24 აგვისტო 2019,   18:15
ვრცლად
მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე - პატიმრის მესამედ დაკითხვას ადვოკატები ფარსს და ფორმალობას უწოდებენ

პატიმარმა მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გაყვანის საქმეზე ჩვენება დღეს უკვე მესამედ მისცა. 2 საათიანი დაკითხვის შემდეგ, გამომძიებლებმა თქვეს, რომ პატიმარმა ექსპრემიერმა დეტალურად ვერ აღუწერა ის ადამიანები ვინც 5 წლის წინ, საკნიდან ტომარა ჩამოცმული გაიყვანა და მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან კონსპირაციული შეხვედრაზე მიიყვანა. პროკურორები ამბობენ, გამოძიება ამის გამო ჭიანურდება, რადგან მერაბიშვილი ვერ იხსენებს სავარაუდო კანონდამრღვევების აღნაგობას.

ყოფილი პრემიერის დაკითხვას ფორმალობა და ფარსი უწოდა დღეს პატიმრის ინტერესების დამცველმა. ადვოკატების თქმით, წლებია ვანო მერაბიშვილი იმ მაღალჩინოსნებს ღიად ასახელებს, ვინც ზეწოლისა და ინფორმაციის გამოძალვის მიზნით მისი ციხიდან გაყვანა დაგეგმა და განახორციელა - მათ შორის მთავარი ექსპროკურორი ოთარ ფარცხალაძეა, თუმცა პროკურორები მათი ყოფილი ხელმძღვანელის დანაშაულზე თვალს ხუჭავენ.

მოხვდებიან თუ არა დასაკითხ ოთახში ყოფილი მთავარი პროკურორი, ციხის მაშინდელი ხელმძღვანელობა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები - გამომძიებლებმა დღეს ჟურნალისტების ამ კითხვებზე პასუხი არ გასცეს.  

ვიდრე გამომძიებლების შეკითხვებს მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი პასუხობდა, მეზობელი საკნიდან "კურიერს" ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსანი  პატიმარი ირაკლი ფირცხალავა დაუკავშირდა და განაცხადა, მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის ფიგურანტები და თვითმხილველები დაასახელა. ესენი არიან სპეცრაზმელები გიორგი ქურდიანი და იასონ კილაძე.

დღის ამბები