24 აგვისტო 2019,   17:09
ვრცლად
სასტიკი მკვლელობების სერია სოფელ ყანდაურაში - 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა შვილი, რძალი და ბიძაშვილები

სასტიკი მკვლელობების სერია სოფელ ყანდაურაში - სამართალდამცველებს გამყრელიძეების ოჯახში 4 ცხედარი ცეცხლნასროლი ჭრილობებით დახვდათ. 85 წლის მამაკაცი ცივსისხლიანად გაუსწორდა საკუთარ შვილს, რძალს და ბიძაშვილებს.

ასევე, დაჭრილია ომარ გამყრელიძის მეუღლე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. მას თავის ტრამვა აქვს მიღებული.

85 წლის ომარ გამყრელიძე ორი იარაღით ისროდა. ჯერ საკუთარ სახლში ორი მეზობელი მოკლა, შემდეგ ეზოში გაქცეული შვილი და რძალი.

ადგილობრივები ყვებიან, რომ გაურკვეველი მოტივით 85 წლის კაცმა ეს დანაშაული წინასწარ დაგეგმა. მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილებს უთხრა, რომ მეუღლე ცუდად ჰყავდა და დასახმარებლად დაუძახა. სახლში შესული დედა-შვილი კი ადგილზევე მოკლა. ამის შემდეგ ეზოში გამოვიდა და იქ მყოფ შვილსა და რძალს ესროლა.

ყანდაურელები ყვებიან, რომ დაკავებულს ხშირად კონფლიქტი არამხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ ადგილობრივებთანაც ჰქონია. ერთ-ერთი ვერსიით კი სასტიკი დანაშაულის მიზეზი ბრალდებულსა და საკუთარ შვილს შორის წლების წინ დაწყებულ კონფლიქტია.

მეზობლების ინფორმაციით, მამა-შვილს დავა საცხოვრებელ სახლსა და სოფლებში მდებარე მიწის ნაკვეთზე ჰქონდათ. ამ კონფლიქტის გამო ოჯახები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.

სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულს მიმალვაც არ უცდია და დანაშაულის ადგილზე მისულ ადამინებსაც მოკვლით ემუქრებოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მამაკაცი შერაცხადია და მას ფსიქიკური პრობლემები არასოდეს ჰქონია. წარსულში ნასამართლევი გურამ გამყრელიძე სასჯელს საქონლის ქურდობისთვის იხდიდა.

ბრალდებული ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მინდინარეობს.

დღის ამბები