26 ივნისი 2019,   21:49
ვრცლად
„ვხედავთ, რომ რუსეთის მოქალაქე შს მინისტრი იყენებს ძალის მომენტებს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ" - დავითაია პანკისის მოვლენებს ეხმაურება

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში რუსულ კვალს ხედავს. ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის წყალობით,  რუსეთს ხეობაში დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა.

დავითაია ამბობს, რომ მას კითხვები აქვს ხელისუფლებასთან, რადგან ნათელი იყო, რომ პანკისელებს შს მინისტრი, გიორგი გახარია პირდაპირ ემუქრებოდა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. დავითაიას თქმით, პანკისში დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის გეგმის ნაწილია.  

„ვხედავთ, რომ რუსეთის მოქალაქე შს მინისტრი იყენებს ძალის მომენტებს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ და ემუქრება კიდევაც მებადება კითხვები, ხომ არ დგას სხვა გეგმები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, როდესაც მისი მოქალაქე ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მაქსიმალურად შეიკავოს თავი, გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, სიტუაცია განიმუხტოს და ეს არ იქნას ოკუპანტის ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ პანკისის ხეობაში სიტუაციის დაძაბვისთვის გამოყენებული“-განაცხადა დავითაიამ.

შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე. მისი თქმით, გიორგი გახარიამ გუშინ ორი დანაშაული ჩაიდინა.

„გუშინ, საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს შს მინისტრმა ერთდროულად ორი დანაშაული ჩაიდინა - სრულიად გაუაზრებელი, უგუნური, ძალის გამოყენებით განხორციელებული აქცია პანკისელებმა აღიქვეს, როგორც თავდასხმა მათზე, მათი დაშინების და ძალით დამორჩილების მიზნით. ხალხი გაამწარეს და აღაშფოთეს.

"მეორეს მხრივ, ეს იყო სრულიად ცალსახად გადადგმული ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან, თითქოს სპეციალურად ისე იყო დაგეგმილი, რომ ერთის მხრივ შესუსტდა საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს სახელმწიფომ დამცირება იგემა,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები