23 ოქტომბერი 2019,   02:14
ვრცლად
სწორად დაიგეგმა თუ არა ოპერაცია პანკისში, ჰკითხეთ შს სამინისტროს - სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის განმარტება პანკისში განვთარებულ მოვლენებზე - სუს-ი რეგიონში სპეცრაზმის შეყვანაზე პასუხიმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ მათ მხოლოდ რისკების გაანალიზება ევალებათ, და არა გადაწყვეტილების მიღება ძალის გამოყენების შესახებ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, იყო თუ არა ოპერაცია სწორად დაგეგმილი, ამაზე პასუხი შს სამინისტრომ უნდა გასცეს.

„ეს ჰკითხეთ შს სამინისტროს, ჩვენი სამსახურის მოვალეობაა ნებისმიერ რეგიონზე გვქონდეს რისკები სწორად შეფასებული, თუმცა ორგანო, რომელიც ღონისძიებას ახორციელებს ითავისებს ამ რისკებს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე განცხადებით, პანკისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, დაშავებული პოლიციელებისა და ადგილობრივი მოქალაქეების რაოდენობა ნათელს ხდის, პოლიცია თავს იცავდა, თუ იერიშზე იყო გადასული.

ლილუაშვილი განმარტავს, რომ  პოლიციელის მიმართ აგრესია განიხილება, როგორც სახელმწიფოზე თავდასხმა. 

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თქმით, ხელისუფლებას აქვს რესურსი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ხეობის მოსახლეობასთან პრობლემა მოლაპრაკებების გზით გადაწყდეს.

„არსებობს კვლავ რესურსი, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თემთან მოლაპარაკების გზით გადაწყდეს  ნებისმიერი საყოფაცხოვრებო დონის პრობლემა. ის ფაქტი, რომ პოლიციელებს თავში ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა ნივთებს, არის კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოს პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს იქ, სადაც ის ახორციელებს კონკრეტულ მოქმედებებს და მასზე განხორციელებული ნებისმიერი აგრესია განიხილება, როგორც სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით ვერც პანკისში, ვერც სამეგრელოში, ვერც იმერეთში, ვერც ქართლში და ა.შ. დაზარალებულია 35 პოლიციელი და 17 მშვიდობიანი მოქალაქე. შესაბამისად თქვენ კარგად მიხვდებით, თავს იცავდა პოლიცია, თუ იერიშზე იყო გადასული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

დღის ამბები