18 ივნისი 2019,   19:26
ვრცლად
მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა თბილისში აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, მსახიობის ავტომობილიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე. 

"კურიერი ლევან ჯიბღაშვილის დედას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "ადგილი აქვს გაუგებრობას, არაფერი არ ვიცი, რეგიონიდან ჩამოვდივარ თბილისში."

„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული ამ დროისთვის მცხეთის იზოლატორში იმყოფება. ჯიბღაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

„ჯერჯერობით, ვერანაირ ინფორმაციას ამ თვალსაზრისით ვერ დაგიდასტურებთ და ვერც ვერანაირ დამატებით განმარტებებს ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ველოდებით გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას, რომლის შემდეგაც შეგვეძლება უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერ გავაკეთებ დამატებით კომენტარს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები