23 ოქტომბერი 2019,   01:46
ვრცლად
"გუშინ პანკისში აიღეს ჯოხები და ქვები, ხვალ შეიძლება სხვაგან მოხდეს ეს“ - დავით უსუფაშვილი

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი დავით უსუფაშვილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პანკისში განვითარებული მოვლენები მმართველი გუნდის უგუნურებაზე მეტყველებს.

უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების ამგვარმა გადაწყვეტილებებმა და ქმედებებმა,დაპირისპირების კერების გაჩენა სხვა რეგიონებშიც  გამოიწვიოს.

„ვუახლოვდებით სახელისუფლებო ვაკუუმს, რაც არის სერიოზული პრობლემა. გუშინ არ არსებობდა არცერთი გონივრული არგუმენტი სპეცრაზმისა და სპეცტექნიკის შეყვანის რეგიონში. ვინ მიიღო ეს უგუნური გადაწყვეტილება, ამ დონის არაკვალიფიციური ადამიანები წყვეტენ სახელმწიფოს საქმეებს. გუშინ პანკისში აიღეს ჯოხები და ქვები, ხვალ შეიძლება სხვაგან მოხდეს ეს,“-აცხადებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი.

შეგახსენებთ, რომ ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა. ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

დღის ამბები