26 ივნისი 2019,   21:53
ვრცლად
ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური რეაგირება - მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ პროცესებზე 

პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. განვითარებული მოვლენების შეფასებისას, განცხადებაში გარკვეული ჯგუფების მიერ განხორციელებულ პროვოკაციაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ პოლიციის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს. 

მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ პროვოკაციისგან და ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. 

ასევე ნათქვამია, რომ ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება.

"საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს "ფერიმ" ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის „ხადორი 3“ - ის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ იქნება. დაგეგმილია მეორე მცირე ჰესის მშენებლობაც.

საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობის მშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნება ეკოლოგიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად, კომპანიამ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა ხეობისა და ჰესის მიმდებარე დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰესის პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები