23 ოქტომბერი 2019,   02:24
ვრცლად
შსს პანკისის ხეობაში არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება

პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს და დაძაბულობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს კანონის ფარგლებში აღკვეთენ. 

"ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი,"-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში ვითარება დაიძაბა. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა, სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. ხეობისკენ მიემართება სპეცტექნიკაც, რომელიც დემონსტრაციების წყლის ჭავლით დასაშლელად გამოიყენება. 

დღის ამბები