23 ოქტომბერი 2019,   01:55
ვრცლად
რამდენს ვუხდით ჩინოვნიკებს - მაღალჩინოსნები ხელფასებს იზრდიან

მაღალჩინოსნები ხელფასებს იზრდიან - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა. თბილისის მერის პირველმა მოადგილემ ხელფასი 113%-ით, მეორე მოადგილემ კი - 119%-ით გაიზარდა.

რუსთავის მერმა ხელფასი 63%-ით, პირველმა მოადგილემ - 77%-ით, მეორე მოადგილემ კი - 70%-ით გაიზარდა. გარდაბანში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები პრემია-დანამატს წელიწადში 8-10-11 და 12-ჯერაც კი იწერდნენ. ამიტომ 2018 წელს ეს თანხა დაჯამდა და საბოლოოდ ანაზღაურება 70%-ით გაეზარდათ.

ბორჯომი ერთ-ერთია, სადაც ჩინოვნიკები ხელფასების მატებით, დანამატებითა და ფულადი ჯილდოებით ყველაზე მეტად არიან განებივრებულები. სახელმწიფო აუდიტორები წერენ, რომ წლების განმავლობაში მთავრობის ოფიციალურ ბრძანებებსაც კი არ ემორჩილებოდნენ და ქალაქის ხელმძღვანელები პრემიებს წელიწადში 5-ჯერ, 8-ჯერ, 9-ჯერ და 10-ჯერაც კი იწერდნენ.

2018 წელს მნიშვნელოვნად გაეზარდა შრომის ანაზღაურება ქუთაისის მერის მოადგილეს 76%-ით. მეორე მოადგილეს, 70 პროცენტით. ახალქალაქის მერის მოადგილეს 69%-ით, მეორე მოადგილეს კი 75-ით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 2018 წელი ზოგიერთი ჩინოვნიკისთვის ხელფასების მომატების წელი იყო.

აუდიტორები პარლამენტს ურჩევენ, შეცვალოს კანონი და ბიუჯეტიდან თანხა ხელფასებზე სამართლიანად და ადეკვატურად განაწილდეს.

2018 წლიდან თანამდებობის პირთა ხელფასები, განახლებული კანონის გამო, გაიზარდა. ხელფასი და დანამატი, რომელსაც მაღალჩინოსნები მანამდე ყოველთვიურად ისედაც იღებდნენ, გაერთიანდა. თუმცა დანამატი არ გაუქმებულა და ახლა ზეგანაკვეთური შრომისთვის გაიცემა.

სახელმწიფო აუდიტორები ამბობენ, რომ 2018 წელს კანონის ცვლილებით განსაკუთრებით იმ მაღალჩინოსნებმა იხეირეს, რომლებიც მანამდე რეგულაციებს არ ემორჩილებოდნენ და ხელფასთან ერთად დიდი ოდენობით სახელფასო დანამატებს იღებდნენ.

დღის ამბები