26 მაისი 2019,   08:11
ვრცლად
"ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი... არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია" - უკრაინის მოქალაქე

„ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი... არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია,“ - ეს განცხადება უკრაინის მოქალაქემ გააკეთა, რომლის მეუღლის წინააღმდეგაც ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში 10 ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციით შეიყვანეს.

ისინი ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მეურვესთან ერთად ცხოვრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანები უკრაინის მოქალაქეები არიან და ბინა რამდენიმე დღით მათმა მეურვემ იქირავა. უკრაინის მოქალაქე ამტკიცებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან. თუმცა ადგილობრივებს ეჭვი აქვთ რომ ქალს ბავშვები აფხაზეთში გასაყიდად გადაყავდა.

ტრეფიკინგის ბრალდებას უარყოფს მამაკაცი, რომელმაც ბინა იქირავა და აცხადებს, რომ ბავშვების მამაა.

„ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ, სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში უკვე 10 დღეა, რაც იმყოფება. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდებოდნენ. ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ აფხაზეთში ჩავიდე,“ - განაცხადა უკრაინის მოქალაქემ.

ზუგდიდში ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ ბინაში 10 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, ამტკიცებს, რომ ისინი მისი შვილები არიან. თუმცა, გამოძიების თანახმად, გამოიკვეთა, რომ 10 ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ამის გამო დაიწყო შსს-მ უკრაინელი მოქალაქის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები