23 ოქტომბერი 2019,   01:38
ვრცლად
მივიღებთ უზენაეს სასამართლოს, რომელიც იქნება ხელისუფლების კონტროლის ქვეშ - სალომე სამადაშვილი მოსამართლეების შესახებ კანონზე 

მოსამართლეების უვადოდ შერჩევის კანონპროექტის განხილვა დასასრულს უახლოვდება - პოლიტიკური დაპირისპირება პარლამენტში პიკს აღწევს. საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში პოლიტიკური დემარშების და პროტესტის მიზეზი უკვე გახდა, დღეს დეპუტატებმა მეორე მოსმენით უნდა განიხილონ.

კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები ვერ მოხვდა, ამიტომ დღეს სხდომაზე იქნება პირველი პრეცედენტი, როცა საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ინიციატივით მივა სახალხო დამცველი და დეპუტატებს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს.

ოპოზიციაში მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს „ოცნება“ არ ასახავს ან რასაც ასახავს მხოლოდ ტექნიკურად იქნება გათვალისწინებული.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლო კვლავ ხელისუფლების მორჩილი იქნება. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მოსამართლეებად, ე.წ. კლანის წევრებს აირჩევენ.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილობრივ, ასე ვთქვათ ტექნიკურად გათვალისწინება კანონპროექტში, არ შეცვლის იმ რეალობას, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდება ხელისუფლების მიერ მართული და კლანის მიერ მართული უმაღლესი იუსტიციის საბჭოს მიერ და დამტკიცდება იმ პარლამენტის მიერ, სადაც ბიძინა ივანიშვილი მართავს უმრავლესობას. ამიტომ, რეალობა, რომ ჩვენ მივიღებთ უზენაეს სასამართლოს, რომელიც იქნება ხელისუფლების პოლიტიკური კონტროლის ქვეშ. სამწუხაროდ, არ შეიცვლება იმ ცვლილებების გათვალისწინებითაც კი, რომელზეც თანახმაა დღევანდელი ხელისუფლება,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები