23 ოქტომბერი 2019,   01:13
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის - სოფელ გრიგოლიშში 28 წლის ახალგაზრდას სამჯერ ესროლეს 

სისხლიანი გარჩევა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის - დაპირისპირება სოფელ გრიგოლიშში, მმართველი პარტიის შტაბში, გვიან ღამით მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრებს შორის, ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, მოგვიანებით კი დაპირისპირებას გასროლა მოყვა. ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ალიკა ლაგვილავას თანასოფლელმა, ბეჟან გვაზავამ ესროლა. კონფლიქტს წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება.

შემთხვევის თვითმხილველი ამბობს, რომ შტაბიდან გასვლის შემდეგ სროლა გარეთ გაგრძელდა, პირველი გასროლა კი შტაბში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ბეჟან გვაზავამ რამდენჯერმე ესროლა ალიკა ლაგვილავას. ადგილობრივების თქმითვე, მათ შორის დაპირისპირება ინციდენტამდეც არსებობდა.

ორივე მათგანი ქართული ოცნების აქტივისტია. "კურიერის" ინფორმაციით, სოფელ გრიგოლიშში მდებარე "ქართული ოცნების" შტაბის უფროსად გვაზავა მოიაზრებოდა, რომელსაც მმართველი გუნდის აქტივისტების კონტროლი ევალებოდა.

დაპირისპირების თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბი და კამათი შტაბზე საუბარს მოჰყვა, რადგან ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ შტაბის დაშლას გეგმავდა.

„ესროლა ორჯერ ჩემს თვალწინ, ერთხელ და მეორეჯერაც. შეიარაღებული ყოფილა შტაბში, იქაც გაუსროლია, ასე ამბობენ. პისტოლეტი იყო პატარა, შავი ფერის, სულ სამი გასროლა იყო. სამი გასროლა იყო სულ, ერთი ყოფილა იქ, ადრე, შიგნით, მე არ გამიგონია და ორი ესროლა ჩემს შვილს მუცლის არეში,“ - ამბობს დაჭრილის დედა.

დაჭრილის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ზუგდიდის კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი, მაკა მალანია ამბობს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ავადმყოფის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ჯერჯერობით, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მედიკამენტოზური სედაციის ქვეშ. მკურნალობა გრძელდება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. გუშინ გაუკეთდა მარცხენა თირკმლის ამოღება და გარსტრორაფია გაუკეთდა მუცლის ღრუზე,“ - განაცხადა მაკა მალანიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ალიკა ლაგვილავა გუშინ დაჭრეს. ორი ტყვია 28 წლის ახალგაზრდას გულის და მუცლის არეში აქვს მოხვედრილი.

შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულს ეძებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები