16 დეკემბერი 2019,   13:37
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელია გამოძიების მასალების გაცნობის შემდეგაც ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება საქმეს რეალურად არ იძიებს

ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მისმა შვილმა, ბაჩანა შენგელიამ გამოძიების მასალების გაცნობის მიუხედავად კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. 4-თვიანი ლოდინის შემდეგ, ია კერზაიას შვილს მთავარმა პროკურატურამ საქმის მასალები გააცნო, თუმცა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა თქვა, რომ პროკურატურა რეალურად საქმეს არ იძიებს.

პროკურატურა ია კერზაიას ზეწოლის პოლიტიკურ მოტივებს არ სწავლობს, არ კითხავს საქმესთან კავშირში მყოფ მოწმეებს და არ ატარებს ექსპერტიზებს. დღეს, ბაჩანა შენგელიამ მასალებში ვერც ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ფარცვანიას გამოკითხვის ოქმი ნახა.

შენგელია 4 თვეზე მეტია, ამტკიცებს, რომ ია კერზაიაზე პოლიტიკური ზეწოლა კახაბერ ფარცვანიამ განახორციელა. თუმცა, საგამოძიებო ორგანოს ეს კითხვა შენგელიასთვის ამ დრომდე არ დაუსვამს.

პროკურატურის საქმის მასალებში მთავარი მტკიცებულებები ვერ იპოვა ბაჩანა შენგელიას ადვოკატმა. იმის დასადგენად, ანონიმური წერილი ავტორი ლავრენტი ქირია ნამდვილია და თუ გამოგონილი, პროკურატურამ განათლების სამინისტროს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოსთხოვა, სადაც წესით უნდა ჩანდეს ადამიანი ვისაც ია კერზაიაზე სამინისტროში საჩივარი შეაქვს. დღეს გაირკვა, რომ პროკურატურამ ვიდეომასალის ამოღება 4-თვიანი დაგვიანებით მოითხოვა, როდესაც კადრები უკვე წაშლილი იყო.

ია კერზაიას სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა, განუვითარდა თუ არა დაავადება კერზაიას სტრესის გამო, რომელიც ზეწოლის დროს მიიღო - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბაჩანა შენგელიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დანიშვნის თხოვნით ორჯერ მიმართა.

შენგელია ექსპერტიზას საკუთარი სახსრებით აფინანსებდა, თუმცა პირველ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილმა ერთადერთმა ნეიროქირურგმა უდროობის გამო ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მეორე შემთხვევაში კი ჯანდაცვამ ექიმ-სპეციალისტი საერთოდ არ გამოყო.

ბაჩანა შენგელიამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა მთავრობის მეთაურს მამუკა ბახტაძეს დააკისრა და განათლების მინისტრის დაკავება მოითხოვა.

 

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი

დღის ამბები