18 ივნისი 2019,   19:15
ვრცლად
ქართველების კარვების ქალაქი საფრანგეთში - საქართველოდან გაჭირვების გამო წასული მოქალაქეები მონპელიეში ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ

ქართველების კარვების ქალაქი საფრანგეთში - საქართველოდან უკიდურესი გაჭირვების გამო წასული მოქალაქეები მონპელიეში ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ემიგრაციაში წასული ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად რთულ პირობებში ცხოვრობენ. „კურიერის“ გადამღები ჯგუფი მონპელიეში ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა.

ბავშვები არც ბაღში დადიან და არც სკოლაში. მათ ლამის ასფალტზე სძინავთ. არ აქვთ საპირფარეშო, აბაზანა, საკვებს კი წითელი ჯვრის წარმომადგენლები დღეში ერთხელ აწვდიან.

საფრანგეთის ქალაქი მონპელიეს ცენტრი კარვების ქალაქად 3 თვის წინ იქცა, როდესაც საქართველოდან უკიდურესი სოციალური პირობების გამო გაქცეულმა მოქალაქეებმა ემიგრაციაში წასვლა მასობრივად დაიწყეს. კარვების ქალაქში 50-ზე მეტი ოჯახი ბავშვებთან ერთად ელემენტარული პირობების გარეშე ცხოვრობს. არ აქვთ ელექტროენერგია, წყალი და ცხოვრება ანტისანიტარიაში უწევთ.

50-მდე ოჯახი ერთი მაცივრით სარგებლობს, რომელიც დენის წყაროს გარეშე ღია ცის ქვეშ დგას.

მონპელიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია. მათი ნაწილი რამდენიმე თვეა, თავშესაფარს და დევნილის სტატუსს საემიგრაციო სამსახურისგან ელოდება. სწორედ ამიტომ კარვების გაშლა საქართველოს მოქალაქეებმა სამი თვის წინ საემიგრაციო სამსახურის წინ გადაწყვიტეს.

ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სტატუსის მინიჭება და პროცედურები მას შემდეგ გართულდა, რაც საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დაასახელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები