27 მაისი 2019,   06:56
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ დაგვიცვას - გოგონები, რომლებიც საუდის არაბეთიდან ოჯახში ძალადობას გამოექცნენ სხვა ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ

საკუთარი ოჯახიდან ძალადობას და ჩაგვრას გამოქცეული საუდელი არაბი დები საერთაშორისო დაცვას ითხოვენ. 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე და 25 წლის ვაფა ალ-სუბაიე ცოტა ხნის წინ მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

გოგონებს სურთ, რომ მათი გადაყვანა სხვა მესამე ქვეყანაში მოხდეს, რადგან საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის გამო, თბილისში ჩამოსვლას შეძლებენ მათი ოჯახის წევრები. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არაბი გოგონების საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოციალურ ქსელში მათ ვიდეომიმართვა გაავრცელეს და დახმარება ითხოვეს. არაბი დები ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ჩვენს ქვეყანაში გოგოებს განათლების საშუალებას არ აძლევენ. აიძულებენ გათხოვებას. არ გვაძლევენ ინტერნეტით სარგებლობის უფლებას. ოჯახები მონებივით გვებყრობიან. ჩვენ გვევალება მხოლოდ სახლის დალაგება და საჭმლის გაკეთება. არ შეიძლება ქუჩაში გასვლა. საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნებს შორის გვაქვს უვიზო რეჟიმი და ძალიან ვჩქარობდით, რომ ოჯახის წევრებს არ ვეპოვეთ. სახლში ყოველ დღე შიშის და საფრთხის ქვეშ ვართ. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, რომ ვართ ქალები. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას რომ დაგვიცვას. ვთხოვთ, რომ გადაგვიყვანონ თავშესაფარში და შემდეგ დაგვეხმარონ  სხვა, უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრებაში, რადგან საქართველოში დარჩენა საშიშია. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმია და ჩემი ოჯახის წევრებს შეუძლიათ თავისუფლად ჩამოვიდნენ და მოგვძებნონ,“-განაცხადა მაჰა ალ-სუბაიემ.

შეზღუდულ უფლებებზე საუბრობს მაჰას დაც. ვაჰა ალ-სუბაიე ამბობს, რომ საკუთარ ქვეყანაში ყველაფერი აკრძალული აქვს.

„ყველაფერი გვეკრძალება. მათშორის ნორმალურად ჩაცმა. გვაიძულებენ სახე დავიფაროთ ოჯახში 6 ქალი ვართ და ყველანი ასე ვცხოვრობთ. ჩვენ გვინდა ნორმალური ცხოვრება. გვინდა ვიცხოვროთ ისე როგორც ქალები ცივილიზებულ ქვეყნებში ცხოვრობენ. ჩვენი პასპორტები დიდი ალბათობით გაუქმებულია. ისევე როგორც ბანკის ანგარიში. ფულის გამოტანა ვცადეთ მაგრამ ვერ შევძელით,“-განაცხადა ვაჰა ალ-სუბაიემ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დები მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას დათანხმდნენ. ისინი თავშესაფრის 
მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს 
გაივლიან. 

გარდა ამისა უწყების ინფორმაციით, ის არაბი გოგონების ოჯახის წევრები საქართველოში არ იმყოფებიან.  

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები