24 სექტემბერი 2019,   12:34
ვრცლად
ადამიანი მოკლეს, გინდაც შეეგინებინა, პოლიციელებმა ასე უნდა გაიმეტონ? - 55 წლის მამაკაცის ოჯახი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი მალხაზ მთავრიშვილი რამდენიმე საათის წინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მალხაზ მთავრიშვილს ფიზიკური დაზიანებები პოლიციელებმა მიაყენეს, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესების, შემდეგ კი გარდაცვალების მიზეზი გახდა. გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს, რომ 22 მარტს და-ძმას ზვიად და მარიამ მთავრიშვილებს ჰქონდათ კამათი. იმის გამო, რომ ზვიად მთავრიშვილი ნასვამი იყო, მისმა არასრულწლოვანმა დის შვილმა ბიძის შესაშინებლად პოლიციაში დარეკა. ოჯახის ახლობლებისთვის გაუგებარია რა ეტაპზე გაიგონეს გინება ტელეფონში, თუმცა ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგილზე საკმაოდ აგრესიულები მივიდნენ.

„დაუკითხავად ასე ოთახში შეეჭრნენ თურმე და პირდაპირ ძმას მისცვივდნენ, რომელიც სკამთან თავისთვის იჯდა ნასვამი კაცი. დას უთქვია, რომ არა სცემოთო, შეშინებია. მაშინვე გაუფრთხილებია არა სცემოთ, ავადმყოფი კაცი არისო. "ადექი ფეხზეო" უთქვიათ და ვერ ადგებაო, თიაქარი აწუხებსო და მერე რაო, თიაქარი თუ აწუხებსო, ციხეზე გადავიყვანთო და უფასო ოპერაციას გაუკეთებენ ციხეზეო. საციხე ჩემმა ძმამ რა გააკეთაო? -მაგრამ ვინ მოსმენა იმის დას. ალბათ იმათ გამიზნული ჰქონდათ, რომ რადგან გინება მოისმინეს, შური იძიეს. არანაირი სხვა ინტერესი არ ჰქონიათ. ბავშვმა საშველად გამოიძახა და ოჯახს ერთადერთი მამაკაცი მოუკლეს პოლიციელებს შეიძლება მოკვლა არ უნდოდათ მაგრამ რომ დაარტყეს, დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შეიძლება უბრალოდ ცემა უნდოდათ. გინება არ აპატიეს. თვითონ რომ დედა უგინებიათ ამ ბიჭის დედა დედა არ იყო? თვითონ აქვთ უფლება რომ თავიანთ მოქალაქეს ურტყან? მაგას ეუბნება თავიანთი უფროსობა და თავიანთი კანონი მაგას ასწავლის რომ თუნდაც პირადად მიეყენებინა შეურაცხყოფა, ჰქონდათ უფლება, რომ სცემეს? ფაქტია, რომ ამ ცემის შედეგად მიიღო ამ ადამიანმა ტრავმა და გარდაიცვალა. დედა უგინებიათ და თავში ურტყიათ. იმ ღამესვე ხომ თავს იტკიებდა თურმე და იმ დღიდან თავის ტკივილები დაეწყო,  კანტუზიაც დაემართა, მეხსიერების ამოვარდნებიც ჰქონდა. საჭმელსაც ვეღარ ჭამდა თურმე საწყალი,“-აცხადებს ოჯახის ახლობელი.

კაჭრეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ უკვე სამი კვირაა საოლქო პროკურატურა მოკვლევას ატარებს, თუმცა გამოძიების მსვლელობისას პოლიციელების მხრიდან დაკავებულზე ძალადობა ვერ გამოიკვეთა. დაღუპული 55 წლის მამაკაცის ოჯახი ამბობს რომ მთავრიშვილს სავარაუდოდ 5 პოლიციელი გაუსწორდა და აქედან გარდაცვლილის დას 3 სამართალდამცველის ამოცნობა შეუძლია.

„იმისი და ამბობს, რომ ყველას სახეზე ცნობს მაგრამ სახელები და გვარები არ იცის. ამოცნობა შეუძლია, ყველას თუ არა სამსა მაინც ამოიცნობს. ამბობს რომ 5-ზე ნაკლები არ იყვნენო,“ “-აცხადებს ოჯახის ახლობელი.

სოფელში ადასტურებენ, რომ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ, მალხაზ მთავრიშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა. 

„იმ ცემის მერე ყველგან დადიოდა და ამბობდა რომ მცემესო და თავი მტკივა ძალიანო უნდა წავიდეო, გადავიღო თავზეო. ჯანმრთელი ადამიანი მოკლეს. სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. როგორ შეიძლება, გინდაც შეეგინებინა, ერთი შეგინების გამო ადამიანი ესე გაიმეტო, ჩემამდე არ მოდის,"-აცხცადებს მტავრიშვილის ოჯახის ახლობელი.

55 წლის მამაკაცი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, თავის ქალის მძიმე ტრავმის გამო მთავრიშვილს ტერპანაცია დასჭირდა, თუმცა ექიმების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

 

დღის ამბები