21 აპრილი 2019,   12:27
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკები, ელექტროშოკი... - სკოლებიდან ამოღებული 900-მდე აკრძალული ნივთი

ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკები და ადამიანის წამებისთვის განკუთვნილი ნივთები სკოლებში - ბოლო მონაცემებით, სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. მხოლოდ 7 თვის განმავლობაში სკოლებიდან 900 აკრძალული ნივთია ამოღებული, ფიქსირდება ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები სკოლის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქში.

მანდატურის სამსახურის მიერ წარდგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე სკოლებში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა და ამოღებულია 853 აკრძალული ნივთი.

იმ ნივთებს შორის, რომელიც მანდატურებმა ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისგან ამოიღეს, არის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 25 ბანქო, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება. სკოლებში ასევე ამოღებულია 26 კასტეტი, 1 ელექტროშოკი, 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთი, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე.

მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ აუცილებელია აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რადგან მანდატურის სამსახურისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნა, გამოწვევად რჩება. 

„გაუმჯობესებისთვის აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმიტომ, რომ მანდატურის სამსახურისთვის, გამოწვევად რჩება, უსაფრთხო გარემოს შექმნა იმიტომ, რომ მეტი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ საერთოდ უსაფრთხოების კომპონენტი გაძლიერებული იყოს სკოლაში. ვატარებთ სხვადასხვა კამპანიას, ღონისძიებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეს კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს,“ - განაცხადა მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, სოფიო აბულაშვილმა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ სტატისტიკა საგანგაშოა, თუმცა დეპუტატი აღნიშნავს, რომ უფრო რთული მდგომარეობა შეიქმნებოდა, რეაგირება და პრევენცია რომ არ მომხდარიყო.

„ჩვენ შევძელით 800-ზე მეტი აკრძალული ნივთის ამოღება. ეს არის 800-ზე მეტი კონფლიქტის და დანაშაულის პრევენციის შედეგი. მანდატურის სამსახური რეგიონალური სამსახურები ძლიერდება,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები