18 ივნისი 2019,   16:37
ვრცლად
თვალთვალი, პროვოკაციები და დაკავებები - „ქართული ოცნება,“ ზუგდიდის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ძველი მეთოდებით უპირისპირდება  

ზუგდიდის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან - სანდრა რულოვსმა უკვე მეორედ გადაწყვიტა, თავისი მომავალი სამეგრელოს და ზუგდიდს დაუკავშიროს. სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადის და იქაურების პრობლემებს კიდევ ერთხელ ეცნობა.

ერთ დროს ჰოლანდიის ქალაქ ტერნეზენის მკვიდრი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ჯერ თბილისელი გახდა, ახლა უკვე, თუ ზუგდიდის მერი გახდება, სამეგრელოში საბოლოოდ მოუწევს დასახლება და უკვე უამრავ გეგმას აწყობს. უნდა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურად ჩართოს ზუგდიდის განვითარების და ევროპულ ქალაქად გადაქცევის პროცესში. უკვე მზად აქვს პროექტი, როგორ უნდა დაეხმაროს სოციალურად გაჭირვებულებს და მათი პირობების გაუმჯობესებაში მთელი სამეგრელო ჩართოს. ამ პრობლემის გადაჭრაში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებასაც გეგმავს.

ზუგდიდელები ხელისუფლების წინასაარჩევნო ხრიკებს კარგად იცნობენ. ახსოვთ „ქართული ოცნების“ დაპირებები 2016 წელსაც, თუმცა პირობა პირობად დარჩა, პრობლემები პრობლემებად. 

სამეგრელოს მთავარ ქალაქში, სანდრა რულოვსით დამფრთხალი და მწყობრიდან გამოსული „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ცდილობს.

მართალია „ქართული ოცნების“ დეპუტატთა უმრავლესობამ თავისი კანდიდატის სახელიც კი არ იცის, სამაგიეროდ მუდმივად უთვალთვალებენ მთავარ ოპონენტს და ხალხთან მისულ სანდრა რულოვსს პროვოკაციებს უწყობენ.

კიდევ ერთი ცინიკური პროვოკაცია გასულ კვირას სანდრა რულოვსს და მის მხარდამჭერებს ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსნებმა მოუწყეს. კადრებში კარგად ჩანან ადამიანები, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს მთელი დღე დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ. საღამოს კი სოფელ ნარაზენში ასულებმა დახმარებისთვის პოლიცია გამოიძახეს, მთავარი ინციდენტი სწორედ პოლიციის მოსვლის შემდეგ დაიწყო, როცა ზუგდიდის პოლიციის უფროსმა ირაკლი ფაცაციამ სამართალდარღვევისთვის სანდრა რულოვსის 3 თანამებრძოლები დააკავა.

 

დღის ამბები