21 აპრილი 2019,   12:26
ვრცლად
14 აპრილი ქართული ენის დღეა - დედაენის დღის აღასანიშნავად, თბილისში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება

14 აპრილი ქართული ენის დღეა. დედა ენის დღის აღასანიშნავად, თბილისში არაერთი ღონისძიება იმართება. მთავარი ეპიცენტრი ისევე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს, საიდაც საპროტესტო მსვლელობა დაიწყო, ისევ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტია.

უნივერსიტეტის ეზოში წარმოდგენილია სხვადასხვა საგანმანათლებლო, საბავშვო და საგამოფენო კუთხეები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაკობ გოგებაშვილს წერილები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იხსნება ქართული ენის კვირეული. ეს სიმბოლურიც არის, ვინაიდან, მოგეხსნებათ, რომ ქართული ენის დღე 14 აპრილი, ეს არის ის თარიღი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის“ - აცხადებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ალექსანდრე ცისკარიძე.

უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებებს ესწრებოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში.

„14 აპრილი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი დღე, რადგან თავისუფლებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა სწორედ 1978 წლის მოვლენებს უკავშირდება,“ - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დედა ენის დღეს აღნიშნავს „ქართულ-ამერიკული“ უნივერსიტეტიც. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებმა ოპერის თეატრიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა გამართეს, რის შემდეგაც მწერალთა სახლში გადაინაცვლეს, სადაც მთელი დღის განმავლობაში კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი.

სპეციალურად ამ დღისთვის, გურიიდან სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ლადო აფხაზავაც ჩამოვიდა.

ზუსტად 41 წლის წინ, საქართველოს მოსახლეობის პროტესტმა და წინააღმდეგობამ, საბჭოთა კავშირში თითქმის უპრეცენდენტო შედეგი გამოიღო და საბჭოთა ხელისუფლებას ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის გაუქმების უფლება არ მისცა. 

ავტორი: თამთა ჯიქია. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები