20 ივლისი 2019,   01:31
ვრცლად
შესაძლო პოლიტიკური ანგარიშსწორება და სადამსჯელო ღონისძიებები - "სამართლიანი არჩევნების" ანგარიში ია კერზაიას საქმეზე 

შესაძლო პოლიტიკური ანგარიშსწორება და სადამსჯელო ღონისძიებები - ასეთია სამართლიანი არჩევნების დასკვნა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაზე. ორგანიზაციამ ია კერზაიას საქმეზე დღეს ანგარიში წარადგინა, რომელიც განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე მომზადდა.

უფლებადამცველები პირადად ესაუბრნენ სკოლის თანამშრომლებსაც. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ სკოლებში ინსპექტირება 2018 წელს 7-დან 6-ს შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის განხორციელდა.

ორგანიზაციის შეფასებით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირები, რომლიც ამ სადამსჯელო კამპანიაში იყო ჩართული, რასაც გარდაცვლილის შვილიც იზიარებს.

„სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთებოდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. მოქალაქის განცხადებების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადა, ასევე ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულ და შერჩევით მიდგომას ჰქონდა ადგილი. ამ ანგარიშში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ერთის მხრივ, მარეგულირებელ აქტებში ბუნდოვან კრიტერიუმებზე, მეორეს მხრივ, ასევე ინსპექტირების დაწყების ბუნდოვან საფუძველზე,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” პროექტის კოორდინატორი, ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ ეჭვს განმცხადებლის ვინაობა წარმოადგენს. მისი თქმით, იმ სახელი და გვარით, რომელიც გაჟღერდა, ცნობილია რომ საქართველოში ერთი ადამიანი ცხოვრობს და ისიც 7 წლის არის.

„კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ იყო ეს ანონიმური განცხადება, რაც კანონმდებლობით დარღვევა იქნება, იმიტომ რომ ანონიმური განცხადების საფუძველზე, არ შეიძლება ინსპექტირების ჩატარება,“ - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ. 

დღის ამბები