22 აპრილი 2019,   20:40
ვრცლად
ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი - საკითხები საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს 

სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხზე იმსჯელეს. 

სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ.

რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, ბახტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

“მსურს დღეს ვიმსჯელო და ყურადღება გავამახვილო, ეს ეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს და ეს ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა დღეს თანამედროვე სამყაროსთვის და შესაბამისი პრევენციული ზომის ღონისძიების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.​

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უსაფრთხო წყლის მომარაგებაზე, ბავშვებში ორგანიზმში ტყვიის რაოდენობის შემცველობაზე და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირების თემებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ მივიღეთ დავალებები რამდენიმე მიმართულებით, რომ ერთის მხრივ განსაკუთრებული აქცენტირება გაკეთებული იყო უსაფრთხო წყლით მომარაგებაზე, მეორეს მხრივ რახან ეს აქტუალური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი საკითხი გახდა ბავშვებში ორგანიზმში ტყვიის რაოდენობის შემცველობაზე, მათ გაზომვაზე და რეაგირების გეგმებზე და მესამეს მხრივ კოორდინირება სხვადასხვა უწყებებს შორის,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. ​​

სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც ესწრებოდა. ცქიტიშვილმა იმ რეგიონებზე ისაუბრა, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში წყალმომარაგების პრობლემის წინაშე დგანან.

დღის ამბები