22 აპრილი 2019,   20:04
ვრცლად
საბანკო რეგულაციებში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

3 თვის წინ ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. ამის შესაძლებლობას პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს.

"თიბისი რესერჩის" კვლევა აჩვენებს, როგორ შემცირდა საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე გაცემული სესხები რაოდენობა. თვიდან თვემდე ბანკიდან სულ უფრო ცოტა თანხა გაიცემა, რაც ბიზნესსა და სამუშაო ადგილებზე პირდაპირ აისახება.

თბილისის სავაჭრო ცენტრებში მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით იკეტება. იმის გამო, რომ განვადების სერვისით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ავეჯისა და ელექტროტექნიკის რეალიზება თითქმის განახევრდა.

ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, ხელისუფლებისთვის ზოგადი სურათი უკვე ცნობილია. პრემიერი არ გამორიცხავს, რომ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები ისევ შეამსუბუქონ.

პრემიერის ანონსის მიუხედავად, კობა გვენეტაძის უწყება რეგულაციების გაუქმებას ამ ეტაპზე არ განიხილავს. ეროვნული ბანკის განმარტებით, ამ დროის მონაცემები მათი მოლოდინისგან საგრძნობლად არ განსხვავდება.

ეროვნული ბანკის პათოსს ექსპერტები არ იზიარებენ. საბანკო რეგულაციები რომ ეკონომიკას შეამცირებდა, ბიზნესსა და ბანკებს დააზარალებდა, ამაზე ისინი რეფორმის დაწებისთანავე საუბრობდნენ.

დახურულ მაღაზიებსა და დაკარგულ სამუშაო ადგილებზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. დეპუტატების თქმით, ზარალი, რომელიც ბიზნესს მიადგა უკვე საგანგაშოა და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ამ დროისთვის, უცნობია, როგორ შეიძლება შერბილდეს მომხმარებლებისა და ბანკებისთვის დაწესებული შეზღუდვა. ამ თემაზე მსჯელობა, სავარაუდოდ, ერთ თვეში, პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.

დღის ამბები