22 აპრილი 2019,   20:18
ვრცლად
„მანქანაში ძალიან უხეშად ჩასვეს და ჩაარტყეს" - სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებენ

„მანქანაში ძალიან უხეშად ჩასვეს. ხელები მტყდებაო. უკუღმა შეაგდეს მანქანაში. ხომ ვერ მოვეხმარებოდი. ლამის ვიტირე, მაგრამ ვერ მივეხმარე. მანქანაში ჩაარტყეს, მაგრამ ჩაარტყეს,“ - ასე იხსენებს „კურიერთან“ აკაკი გრატიაშვილი იმ ინციდენტს, რომელიც ჟვანიას მოედანზე მოხდა.

გრატიაშვილთან ერთად მყოფი ალექსანდრე ახალკაცი სამართალდამცველს ძალადობაში ადანაშაულებს. „კურიერთან“ ინტერვიუში აკაკი გრატიაშვილმა დაადასტურა, რომ 2012 წელს ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ახალკაცს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ალექსანდრე ახალკაცი, პოლიციას ცემაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სამართალდამცველები ზურაბ ჟვანიას მოედანზე სასტიკად გაუსწორდნენ. მისი თქმით, მას შემდეგ, კი რაც უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ინფორმაცია გენერალურ ინსპექციას მიაწოდა, ტელეფონი წაართვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ახალკაცს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შემოწმება უკვე ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ახალკაცის შეტყობინების საფუძველზე შიდა სამსახურებრივი მოკვლევა დაწყებული. უკვე დათვალიერებულია პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოქალაქის მიმართ ფიზიკურ შეურაცყოფას ადგილი არ ჰქონია.

სამინისტროს ცნობით, ამავე მასალით დადგინდა, რომ ახალკაცის დაკავების მიზეზი მისი მხრიდან პატრულის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები და პოლიციის დაუმორჩილებლობა გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები