20 ოქტომბერი 2019,   22:55
ვრცლად
კიბერთავდასხმა TBC ბანკზე და ე.წ. ტროლების ფაბრიკა - შს მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ რუსთაველის 12 ნომერში ჩხრეკა ჩატარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, TBC ბანკის მიმართ განხორციელებული კიბერთავდასხმის გამოძიების შესახებ დასმულ კითხვებს გაურბის. ნათია მეზვრიშვილს არ აქვს პასუხი, რა ეტაპზეა ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის გამოძიება. 

შს მინისტრის მოადგილემ გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალა და პირველად დაადასტურა, რომ რუსთაველის 12-ნომერში ჩხრეკა ჩატარდა და კოკა ყანდიაშვილის ოფისიდან კომპიუტერები ამოიღეს. მოადგილეს აღარ დაუკონკრეტებია, როდის ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილ შენობაში. გიორგი გახარიას მოადგილე ამბობს, რომ კოკა ყანდიაშვილი, რომელსაც „კურიერის“ ინფორმაციით, ეს ოფისი ეკუთვნოდა, ჯერ არ დაუკითხავთ.

ის, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს, დღეს TBC ბანკის დამფუძნებელმა დაადასტურა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსთველის 12 ნომრიდან ბანკზე მხოლოდ კიბერთავდსხმა არ განხორციელებულა. ამავე შენობაში კოკა ყანდიაშვილის ოფისიდან მისი პიროვნების შეურაცხმყოფელი და ყალბი ამბები ვრცელდებოდა. ხაზარაძე ახლა გამოძიების დასრულების მოლოდინშია.

ოფისი რუსთაველის 12 ნომერში, საიდანაც TBC ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, შპს „გვერითს“ ეკუთვნოდა. ამავე შენობის ეზოში მდებარეობს კომპანია "სილქნეტის" სატელეკომუნიკაციო სადგური, სადაც ინტერნეტის ოპტიკურბოჭკოვანი მაგისტრალი გადის. გამოიყენეს თუ არა ეს სადგური TBC ბანკზე თავდასხმისთვის, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

საგამოძიებო უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ დღეს არასამთავრობო სექტორმა და სახალხო დამცველმაც მოუწოდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები