22 აპრილი 2019,   19:59
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს იურისტები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი  

თბილისს, 1-2 აპრილს, ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა.  „კურიერთან“ ინტერვიუში ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განმარტა, რომ დელეგაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრებს და რეკომენდაციებს გასცემს. 

სწორედ, ვენეციის კომისია სწავლობს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნის წესისა და კრიტერიუმების შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს.   

გარდა ამისა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თბილისში ვიზიტისას, დელეგაციის წევრებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრები ექნებათ. ასევე შეხვედრები გაიმართება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„უზენაესი სასამართლო უმნიშვნელოვანესი სასამართლო ორგანოა, ის უნდა შედგებოდეს საუკეთესო კვალიფიცირებული იურისტებისგან, რომლებიც უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ისევე, როგორც უნდა იყვნენ სხვა ინსტანციების მოსამართლეები. ჩვენ, უახლოეს მომავალში, გამოვაქვეყნებთ შეფასებას. სპიკერმა კობახიძემ გვთხოვა, რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ ეს. ორი დღის წინ დავთანხმდით ამ მოთხოვნას და ვაგზავნით ვენეციის კომისიის დელეგაციას თბილისში, აპრილის დასაწყისში. ისინი გაუზიარებენ მოსაზრებებს პარლამენტს, შესაბამის სამინისტროებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას. როგორც იცით, ჩვენ მიუკერძოებლები ვართ. წარვუდგენთ რეკომენდაციებს, რომ უზენაესი სასამართლო იყოს საუკეთესო ხალხით დაკომპლექტებული. ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია იყოს დაცული ადამიანთა უფლებები. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და ინვესტორებისთვის, რადგან მე თუ ინვესტორი ვარ, არ ჩავალ ქვეყანაში, სადაც მოსამართლე მიკერძოებულია,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ბრიუსელში, ევროპარლამენტში იმყოფება და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ის ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლიანი სასამართლოს შესახებ ისაუბრებს.

 

 

დღის ამბები