27 მაისი 2019,   00:16
ვრცლად
მნიშვნელოვანი
მოსამართლეთა შერჩევა - საპროცედურო კომიტეტმა ბესელიას და "ევროპული საქართველოს" კანონპროექტებს მხარი არ დაუჭირა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურები - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე სამ ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. კომიტეტზე ასევე მხარი არ დაუჭირეს „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს.

ირაკლი კობახიძისა და მისი თანაგუნდელების მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას კი კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

დეპუტატებსა და არასამთავრობო სექტორს მომზადებულ კანონპროექტს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აცნობდა. „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები უნდა ჩაერთონ.

მეორე კანონპროექტი ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, ნაკლებად არის პარლამენტის ჩართულობა გათვალისწინებული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, პროექტის მიხედვით, მოსამართლეობის მსურველმა დეპუტატებმა სასამართლოში გამწესებისთვის ხუთი საფეხური უნდა გაიარონ.

მესამე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, ბესელიას განმარტებით, მათი კანონპროექტი მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. 

სამივე კანონპროექტი ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

ამავე თემაზე
დღის ამბები