26 მარტი 2019,   13:53
ვრცლად
ივანიშვილი კორუფციის ბრალდებით ალასანიას დაპატიმრებას გეგმავდა - ექსპრემიერის ყოფილი თანაგუნდელის სკანდალური განცხადება

ბიძინა ივანიშვილი კორუფციის ბრალდებით ირაკლი ალასანიას დაპატიმრებას გეგმავდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი უმრავლესობის ერთ-ერთი სხდომის სკანდალურ დეტალებს იხსენებს.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დროს ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ალასანიას შესახებ უფრო მეტი დეტალები იცოდა, ვიდრე პროკურატურამ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაწყებულიყო.

ბიძინა ივანიშვილის მუქარა უმრავლესობის არც ერთ წევრს არ გაუპროტესტებია და კითხვებიც პარტიის თავმჯდომარისთვის არ დაუსვამთ. დავით ბერძენიშვილი ყვება, რომ ერთადერთი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებებს აპროტესტებდა, იუსტიციის მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, თეა წულუკიანი და „რესპუბლიკური პარტია“ იყო.

თავდაპირველად ალასანიას მხარდაჭერა „თავისუფალი დემოკრატების“ გუნდმა სრული შემადგენლობით გამოუცხადა, თუმცა, შემდეგ ივანიშვილმა მათთან შეთანხმება შეძლო და მაღალი თანამდებობებიც გადაუნაწილა, მათ შორის იყო დავით ზალკალიანი.

დავით ზალკალიანმა არ იცის, უპირებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი დაჭერას ირაკლი ალასანიას, ან რატომ ტოვებდა საგარეო უწყებას ალასანიაზე შეტევის გამო.

ლევან სამუშია, რომელიც კაბელების საქმის ადვოკატი და „თავისუფალი დემოკრატების“ გუნდის წევრია, დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის მთავარი მიზანი სწორედ ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან გაქრობა და მის წინააღმდეგ შურისძიება იყო.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიების შავ სიაში, ირაკლი ალასანია ერთადერთი არ ყოფილა. ამავე მეთოდით, ოლიგარქი, „რესპუბლიკური პარტიასაც“ ებრძოდა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია პოლიტიკური, ინტელექტუალი და ფინანსური რესურსი და ამიტომ ამ რესურსი მქონე ადამიანებს, ნებისმიერი მეთოდით ანადგურებს.

დღის ამბები