27 მაისი 2019,   00:13
ვრცლად
მნიშვნელოვანი
მურუსიძე-ჩინჩალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოში - ანა დოლიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე მსჯელობენ. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

ირაკლი კობახიძე მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის ინტერესების გატარებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დაადანაშაულა.

ანა დოლიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით სასამართლო სისტემაში სრული ძალაუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის ხელში გადავა.

„ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი დაუწერა კლანს. კანონპროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს რომელიმე პრინციპულ მოსაზრებას, რომელიც აქამდე ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენ ან ოპოზიციას. ეს კანონპროქტი თავიდან ბოლომდე მორგებულია მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესებს ისე, რომ ჭიანჭველაც ვერ შევა უზენაეს სასამართლოში, თუ არ იქნება მათი ხელდასმა და დალოცვა. მთავარი მოთხოვნა აქ არის, რომ მოსამართლეების დანიშვნას არ წყვეტდეს უმრავლესობა, რომელიც უკვე არსებობს საბჭოში ანუ უმცირესობასაც მიეცეს რაიმე ძალაუფლება, დღეს ეს ძალაუფლება არ გვაქვს და მურუსიძე-ჩინჩალაძე გითხარით, რომ იუდა ისკარიოტელი რომ მოინდომონ, იმასაც დანიშნავენ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

კრიტერიუმების დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს, წარდგენილი კანონპროექტით ვიწროვდება.  

„კრიტერიუმები, რომელიც ამ პროექტში ჩაიწერა, შეთავაზებულია მოსამართლე წევრების მხრიდან. ის არის კოპირებული ვერსია, თუ ვინ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გარდა იმ საბაზისო სტანდარტებისა, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით, რომ ის უნდა იყოს 10 წლის ასაკის, უნდა ჰქონდეს იურისტის დიპლომი მაგისტრთან გათანაბრებული და ეს ფორმალური საკითხები ისედაც გათვალისწინებული იყო, მაგრამ ამას ემატება სამი რამ - პირველი, რომ უნდა იყოს მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე ანდაც იურისტი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პირთა წრე, თუ ვინ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იზღუდება და ვიწროვდება,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები